ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით აფხაზეთს ერთი თვე აბსოლუტური ჩაბნელება ემუქრებოდა. მისი თქმით, რუსეთთან მიღწეული შეთანხმებით ყველა მხარე კმაყოფილია.
„ფასებს ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან შეღავათიან ფასად ვიღებთ. ეს იყო პირობა აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის, რომელიც არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება. გაზრდილი მოხმარების და სხვა ფაქტორების გამო, „ენგურჰესი" და „ვარდნილჰესი" ვერ უზრუნველყოფდა აფხაზეთის მომხმარებლის დაკმაყოფილებას და მინიმუმ ერთი თვე აბსოლუტური ჩაბნელება ემუქრებოდა. კეთილი ნება გამოვხატეთ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და რუსეთთან მოვილაპარაკეთ, რომ დამატებითი მოცულობების მიწოდება აფხაზეთში შეღავათიან ფასში მოხდეს პირველ აპრილამდე. ამ შედეგით ყველა მხარე კმაყოფილია", - განაცხადა ვალიშვილმა.