იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილის განცხადებით, იმ პერიოდში, როდესაც ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხის განხილვა არ მოხდება.
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უმნიშვნელოვანეს კომიტეტს წარმოადგენს, რომელსაც ძალიან ბევრი კანონპროექტი აქვს განსახილველი. სანამ სესიის მიერ თავმჯდომარე იქნება არჩეული, იმისთვის რომ არ მოხდეს კომიტეტის პარალიზება, დღევანდელი დღის წესრიგი არის თავმჯდომარის მოვალეობის დაკისრება მოადგილეზე. ესაა და ეს. უაღრესად ტექნიკური საკითხია, ყოველგვარი პოლიტიკური მდგენელისგან თავისუფალი. საგაზაფხულო სესიაზე ერთ-ერთ პირველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი განიხილება, თავმჯდომარე ჩაიბარებს კომიტეტს და ის წარუძღვება.
დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, სადაც განსაზღვრული იქნება რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს წევრთა კანდიდატების შეფასება. ანუ ჯერ კანონში ცვლილებებია შესატანი და შემდგომ არის ეს პროცედურა დასაწყები. მე ღრმად მწამს, რომ ვიდრე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე შეასრულებს, ეს საკითხი განხილვის საგანი არ იქნება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.