საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მოსამართლეების სიას იმ ფორმით და იმ შემადგენლობით, რომელიც პარლამენტში შევიდა, საკანონმდებლო ორგანო არ მიიღებს.
„მოსამართლეები, რომლებიც საზოგადოებაში მაღალი ნდობით არ სარგებლობენ, არ იქნებიან მხარდაჭერილი პირადად ჩემი და დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგის მხრიდან. ეს პროცესი შეიძლება იყოს რთულიც, წინააღმდეგობრივიც, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი საპარლამენტო პროცესი და ყველა მზად არის, ამ პროცესში მონაწილეობისთვის. საჭიროა გამჭვირვალე პროცესი, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, სადაც იუსტიციის საბჭო აირჩევს ამ მოსამართლეებს. კრიტერიუმის გარეშე შეუძლებელია, რომ ადამიანი შეაფასო. ეს არ ნიშნავს, რომ კრიტერიუმი აბსოლუტურად დაიცავს სიაში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომლებთანაც ჩვენ სხვაგვარი დამოკიდებულება გვქონდეს. ეს არის პროცესი, შეუძლებელია სხვაგვარად ამ პროცესის წარმართვა. დღეს პარლამენტს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ის მოსამართლეები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელებთ, იყვნენ განსაკუთრებული კომპეტენციის და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.