logo_geo
eng_logo
სადომაზოხისტური მედია და სახელმწიფო ინტერესი
- +

14 იანვარი. 2019. 14:21

ქართული ჟურნალისტიკა რომ მძიმე დღეშია, „შეუიარაღებელი თვალითაც“ კარგად ჩანს. მედიასაშუალებების უმრავლესობის პროფესიული ეთიკა და სინდისი დამკვეთის „ჯიბის სისქის“ ხარისხისაა, ხოლო უმცირესობაში დარჩენილთა დიდი ნაწილი „კარგი“ დამკვეთის შოვნაზეა გაფაციცებული.

 

ქართული მედიის მთავარი პრობლემა ისაა, რომ პოზიტივზე წერა და საუბარი სირცხვილად ითვლება. ეს სტერეოტიპიც, როგორც სხვა მრავალი, „რუსთავი-2“ -ის დამკვიდრებულია, რაც მთლიანად მისი დამკვეთის კერძო პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება. არა მგონია, ვინმეს იმის შეხსენება სჭირდებოდეს, რომ ეს ინტერესი არასდროს ყოფილა თანხვედრაში სახელმწიფო ინტერესთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივად უნდა იბადებოდეს კითხვა - რას ვემსახურებით?

 

ობიექტური რეალობა ორ შემადგენელს მოიცავს - პოზიტივს და ნეგატივს. თუ დავტოვებთ მხოლოდ სენსაციას, ინტრიგას და სკანდალს, დაპირისპირებაში აღმოვჩნდებით სახელმწიფო ინტერესთან, ქვეყნის აღმშენებლობის ინტერესთან, რადგან ამ ერთგვარ სადომაზოხისტურ გარემოში წინსვლა და განვითარება სრულიად წარმოუდგენელია.

 

არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ ყველა სფეროს და ყველა დარგის წარმომადგენლები კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი ყოველი ნაბიჯი ქვეყნის განვითარების ინტერესს უნდა ემსახურებოდეს და რომ აღმშენებლობა იმედს და უკეთესი მომავლის რწმენას ემყარება, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივზე შეიძლება აღმოცენდეს.

 

ერთი ცნობილი ჟურნალისტი წლის შემაჯამებელ გადაცემაში აღტაცებას ვერ მალავდა - რეიტინგი გაგვეზარდაო. მე ვიტყოდი, მით უარესი ქვეყნისთვის და მისი მაყურებლისთვის. მიზეზი მარტივია - ამ ქალბატონის საავტორო გადაცემა მთლიანად ნეგატივზე, სკანდალზე და დაპირისპირებაზეა აგებული და აგრესიულ განწყობას აღვივებს, რაც მაყურებელს აურას ისე უნგრევს, რომ კეთილი საქმეების საკეთებლად არათუ ხასიათის, გონების მობილიზებაც კი ძალიან გაუჭირდება.

 

გადაცემა რომ აგრესიული განწყობების გაღვივებაზეა გამიზნული, ამ გადაცემის ქუდიდანაც ჩანს, სადაც რამდენიმე ათეული ნეგატიური სიუჟეტიდან ყველაზე მძიმე ფრაგმენტებია შეკრებილი და... წამლად რომ გინდოდეს - არცერთი პოზიტივი. სად არის აქ ობიექტურობა? ყოველივე ზემოთქმული უფლებას მაძლევს „მკვახე შეძახილის“ მეთოდი გამოვიყენო და მივმართო მომატებული რეიტინგით „სახეგაბადრულ“ ავტორს - სხვების უბედურებაზე ბედნიერება არ შენდება.

 

დაუნახაობა და უმადურობა უკეთური თვისებაა, ღვაწლის დაფასება და მადლიერების გამოხატვა - სიკეთე. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაკეთებული საქმეების ჩამონათვალი დიდია. პარალელურად - დიდია იმ საქმეების ჩამონათვალიც, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ ხორციელდება. ვცადე, გამეხსენებინა, ბოლოს როდის ვნახე ამ თემებთან დაკავშირებით მომზადებული ხარისხიანი სიუჟეტი, მაგრამ...

 

„ოცნებას“ რომ პიარი არ უვარგა (მე თუ მკითხავთ - საერთოდ არა აქვს), ამ შემთხვევაში არ არის გამართლება. ჟურნალისტი იმიტომ არის ჟურნალისტი, რომ მასალა თვითონ უნდა მოიძიოს. მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა იმ კითხვის დასმაც კი - „მითხარით, რა გაკეთდა თქვენი მმართველობის პირობებში“ – „რუსთავი-2“-ის სტანდარტით, სირცხვილად ითვლება? სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ხელისუფლების ჟურნალისტის იარლიყის მიკერების შიშით, ჟურნალისტი უარს ამბობს პროფესიული მოვალეობის სრულყოფილად განხორციელებაზე.

 

ზემოთ ნათქვამის საილუსტრაციოდ, ორი მაგალითი მინდა მოვიტანო:

 

1 - ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი, რაგბის განვითარების მიზნით, სარაგბო ბაზებს აშენებდა და ეს ფაქტი სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ როცა თელავში სტუმრობისას უშუალოდ ვნახე ეს დიდი საჩუქარი (ერთი თექვსმეტიდან!) და შემდეგ ინფორმაციაც მოვიძიე ჩვენში სარაგბო ინდუსტრიის, თუ შეიძლება ასე ითქვას, განვითარებასთან დაკავშირებით, სიამოვნება აღტაცებასა და განცვიფრებაში გადაიზარდა.

 

გულსატკენია, რომ აღნიშნულზე, ქვეყნის მოსახლეობის 95%- ს არა აქვს ინფორმაცია, ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი (ვიმეორებ - 16 ულტრათანამედროვე ბაზა მთელი ქვეყნის მასშტაბით) დიდი ეროვნული სიამაყის საგანი იყოს. მარტო ის რად ღირს, რომ რაგბში, თურმე, ოცი ათასამდე ბავშვი და ახალგაზრდაა ჩართული. ჩემთვის „აღმოვაჩინე“, რომ ბუნებრივ ნიჭთან ერთად, სწორედ ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა არის და მომავალშიც იქნება სპორტის ამ სახეობაში დიდი წარმატებების საფუძველი.

 

2 - პრეზიდენტის ინაუგურაციის დღიდან ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ერთ წინადადებას არ გასცდენია. ამ დროს, უაღრესად მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, განახლებული კონსტიტუციის ძალაში შესვლა რა სიახლეების მომტანია ქვეყნისა და მოსახლეობისთვის.

 

მედიასაშუალებების „შეთანხმებული დუმილის“ მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს: ა) ვერ აცნობიერებენ ფაქტის მნიშვნელობას; ბ) კვალიფიკაცია არ ჰყოფნით თემაზე სასაუბროდ; გ) ეშინიათ, ხელისუფლების პიარში არ ჩაეთვალოთ და ა.შ.

 

ჩვენმა პატივცემულმა „მეოთხე ხელისუფლებამ“ ოდნავი უხერხულობა მაინც რომ იგრძნოს ამ სრულიად გაუგებარი „პირში წყლის ჩაგუბების“ გამო, კარნახის მაგვარ, ერთ ზოგად შეფასებას გავაკეთებ: საქართველოში 2018 წლის 16 დეკემბრიდან ძალაშია ევროპული სტანდარტების და იმავდროულად არსით და სულისკვეთებით ეროვნული სახელმწიფოს მთავარი კანონი, რომლის საფუძველზეც ჩვენი ქვეყანა გადავიდა ახალ, ყველაზე თანამედროვე მმართველობით სისტემაზე.

 

მოქალაქემ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს მმართველობის სისტემის შეცვლა და როგორია მისი უფლება-მოვალეობები ამ ახალ პოლიტიკურ გარემოში.

 

პოლიტიკურ თემებზე საუბრებში ყველაზე ხშირად ხმარებადი ფრაზაა - „ქვეყანას სიახლეები სჭირდება“. მეტი რა სიახლე გინდა, შე კაი დედმამიშვილო?!

 

კრიტიკა კარგია, კრიტიკა აუცილებელია პოლიტიკის განვითარებისთვის და ქვეყნის გაძლიერებისთვის, ოღონდ... ერთი სავალდებულო პირობით - კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური და პრობლემის მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს და არა მის გაღრმავებას. გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენი მედია ინფორმაციის მიღების პირველივე წამიდან იწყებს ბუზის სპილოდ გადაკეთებას, პრობლემის გასკანდალებას და ყველა ხერხით ცდილობს, მან განგრძობითი, „გამართლების“ შემთხვევაში კი - შეუქცევადი სახე მიიღოს.

 

კიდევ ერთი თემა „კარნახის“ სახით: საპრეზიდენტო არჩევნები ჯერაც სათანადოდ არ შეფასებულა. ის რომ „ოცნებაზე“ განაწყენებულმა ხალხმა პირველ ტურში ბოიკოტი გამოაცხადა და შემდეგ, „ნაცების“ მობრუნების შიშით სრული მობილიზება მოახდინა და უზრუნველყო ის შედეგი, რაც მივიღეთ, მხოლოდ მედლის ერთი მხარეა. ვფიქრობ, აქ მთავარი სადისკუსიო ისაა, რომ ძველმა, დამნაშავე რეჟიმმა, ყველა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, დამატებით მიიღო სამასი ათასი ხმა(?!).

 

ამ შედეგზე გასვლა „ოცნების“ ხმების გადაქაჩვით რომ არ მომხდარა, ეს მეორე ტურმა დაადასტურა. მაშ რა რეზერვი მოვიდა მოქმედებაში, რომ პირველ და მეორე ტურში ასე სტაბილურად (ორივე ტურში ხმების ერთი და იგივე ჯამური რაოდენობა) იმუშავა „ნაცების“ სასარგებლოდ? ლოგიკურ დასკვნებამდე რომ მივიდეთ, უწინარეს ყოვლისა, საკითხის მთავარი პოლიტიკური მდგენელი უნდა შეფასდეს - ვის აწყობდა „ნაცების“ გამარჯვება, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა პოლიტიკური ვითარების არევის სცენარი? პასუხი ერთმნიშვნელოვანია - რუსეთს!

 

აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დაიწყო საუბარი არჩევნების შედეგებზე რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გავლენის მოხდენის მცდელობაზე. დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს რუსეთის მხრიდან, სხვადასხვა ფორმით, გერმანიის, საფრანგეთის, თურქეთის, ადრიატიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების და სხვ. პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის თაობაზე. ბოლო ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსები „ყვითელჟილეტიანების“ აქციების მართვაშიც მონაწილეობენ.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ე.წ. რუსული კვალი საქართველოშიც არის საძებნელი. მითუმეტეს, რომ „ნაცბრიგადის“ სამი გამორჩეული მეთაური, სამი „ყოფილი კაგებეშნიკი“ - მიხეილ სააკაშვილი, თემურ ალასანია და გრიგოლ ვაშაძე - რუსული დავალების შესრულებაში ადრეც იყვნენ „შემჩნეული“ და ქართველი საზოგადოების მიერ არაერთგზის მხილებული. მხედველობაში მაქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთისთვის გეგმაზომიერი გადაცემის პროცესი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სამარცხვინო დასასრულით.

 

მაგრამ დღეს „ნაცმოძრაობის“ მხილება, რასაც სახელმწიფოს დაცვის ინტერესი მოითხოვს, არც მედიას აინტერესებს, არც ე.წ. ექსპერტებს და არც ე.წ. არასამთავრობოებს, რადგან ამაში ფულს არავინ იხდის. სამაგიეროდ, დიდი ფსონებია ჩამოსული „ოცნების“ ლანძღვა-გინებაზე, საქმის პოლიტიკურ კრიზისამდე მიყვანაზე.

 

ავიღოთ ერთი, არცთუ მარტივი მაგალითი - ე.წ. მოსამართლეების სიაზე დღეს ყველაზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. მინდა მიმდინარე პროცესის რამდენიმე მხარეს შევეხო:

 

თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილი, მოსამართლეთა კორპუსთან დაკავშირებით, ორი ცუდი გადაწყვეტილებიდან ნაკლებად ცუდის არჩევის გზით წავიდა (ასეთი რამ ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც ხშირად ხდება ხოლმე). ალტერნატივას ასეთი შინაარსი ჰქონდა - ან ყველა მოსამართლე (სამასი ადამიანი) უნდა დასჯილიყო ამა თუ იმ ფორმით (ზოგი ციხეში, ზოგიც - „მგლის ბილეთით“ სახლში), ან სასამართლოს ყველა დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ძველ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ახალი ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლებულ, რეალურად სისტემის მსხვერპლ მოსამართლეთა კორპუსს, თავისი პროფესიონალიზმი სრულად უნდა გაეხარჯა სამართლიანი სასამართლოს აშენების უზრუნველსაყოფად.

 

ბატონმა ბიძინამ მიიღო არაპოპულარული, მაგრამ სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და აირჩია მეორე გზა.

 

აღნიშნული პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ, რასაკვირველია, სრული ინფორმაცია ჰქონდათ ეკა ბესელიასაც და მის კამპანიაში ჩართულ სხვა პირებსაც და დღემდე ეს არანაირ პროტესტს არ იწვევდა. აშკარაა, რომ განწყობების ცვლილების მიზეზი პოლიტიკური ვითარების ცვლილება და კერძო ინტერესია.

 

შექმნილი რეალობის ობიექტური შეფასებისთვის შარშან გაზაფხულზე განვითარებული მოვლენები უნდა გავიხსენოთ. საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მმართველ პარტიაში რთული (რბილად რომ ვთქვათ) პროცესები 2017 წლის შემოდგომიდან იღებდა სათავეს. პრობლემა მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც პარლამენტართა ერთი ჯგუფი, ერთი შეხედვით „ცარიელ ადგილზე“, ცდილობდა დაპირისპირებაში ჩაეთრია პარლამენტის თავმჯდომარე. მაშინ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო აქტიურ პოლიტიკაში, რასაც შედეგად მოჰყვა „წითელი ბარათები“ კვირიკაშვილი-ქუმსიშვილი-ალავიძის ტრიოსა და დეპუტატ ჭიჭინაძის მიმართ.

 

(სამწუხაროა, რომ პროცესის სიღრმეებში შეღწევა არც ერთ ჟურნალისტს არ უცდია. ალბათ იმიტომ, რომ სკანდალის გამოცხობა ზედაპირზეც ადვილად ხერხდება).

 

ბოლო ორ კვირაში განვითარებული მოვლენების „მოქმედი პირნი და შემსრულებლები“ ისევ „გაზაფხულის გაელვებაში“ მონაწილე დეპუტატები არიან. რა უნდა იყოს „მეორე სუნთქვის“ გახსნის მიზეზი? აი, ეს არის მთავარი კითხვა. რასაკვირველია, არ ვფიქრობ, რომ მიზეზი მოსამართლეების სიაა. ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს მხოლოდ მომგებიანი (მათი აზრით) ტაქტიკური ნაბიჯია. მე, პირადად, შიდა დაპირისპირების ახალი ტალღის ორ სავარაუდო მიზეზზე შევაჩერებდი ყურადღებას:

 

პირველი - უნდა ვიფიქროთ, რომ დაპირისპირების გამღვივებელთა ძველი ერთობა ისევ არსებობს და ძველი ლიდერები ფარულად მართავენ პროცესს, რადგან ისინი, ვინც დღეს ავანსცენაზეა გამოსული, პოლიტიკურ ამინდს ნამდვილად ვერ შექმნიან. დიდია იმის ალბათობა, რომ ამ დაჯგუფებას მაშინაც ჰყავდა და ახლაც ჰყავს ზურგის გამმაგრებლები სხვადასხვა ინტერესჯგუფების სახით.

 

მეორე - ძველი ლიდერები თამაშიდან გავიდნენ და მათი თანამოაზრე (თუ თანამზრახველი) დეპუტატების მცირერიცხოვანი ჯგუფი დარჩა პოლიტიკური პერსპექტივის გარეშე, რაც მას აიძულებს, წამოიწყოს ახალი თამაში, რათა 2020 წლისთვის გარკვეული „დივიდენდებით“ აღმოჩნდეს რომელიმე ახალი ერთობის წამყვან პოზიციებზე.

 

სასამართლოზე საუბრის დროს, ერთი გარემოება იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას - „შეშფოთებულ-აღშფოთებულებიდან“ არავის აინტერესებს სისტემა, სისტემის დღევანდელი მდგომარეობა. ობიექტური ანალიზი გარკვეულ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს. ამა თუ იმ სისტემის შეფასებისთვის ორიენტირად უნდა ავიღოთ სამი ნიშნული, თუ შეიძლება ასე ითქვას, - სად ვიყავით, სად ვართ და სად გვინდა რომ მივიდეთ. აგრეთვე, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - რისი გაკეთება შეიძლებოდა 2012 წლიდან დღემდე და რა გაკეთდა.

 

დაკვირვებული თვალი ადვილად დაინახავს, რომ „სამართლიანობისთვის მებრძოლები“ საუბრობენ მხოლოდ პერსონალიებზე და ისიც წარსულ დროში. ეს, რასაკვირველია, შეგნებულად ხდება და არა სასამართლოს გაჯანსაღების, არამედ კერძო პოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული. სტატისტიკური ინფორმაცია საჯაროა და მისი გაცნობა იძლევა იმ დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში ვითარება კარდინალურად არის შეცვლილი, რა თქმა უნდა, დადებითისკენ.

 

ე.წ. არასამთავრობოებს, ე.წ. ექსპერტებსა და ჟურნალისტებს კიდევ ერთ უცნაურობაზე მინდა გავამახვილებინო ყურადღება: როცა მოსამართლეების წარსულზეა საუბარი, ყველა ერთ რამეზე თანმხდება, რომ ტოტალური უსამართლობის მიზეზი იყო მთელი მოსამართლეთა კორპუსის მიერ მმართველი პოლიტიკური პარტიის უკანონო დავალებების შესრულება.

 

ახლა ერთ მარტივ კითხვას დავსვამ, რომელსაც ჩემი უბნის სკოლის ასაკის ყველა ბიჭი უშეცდომოდ უპასუხებს - ვინ უფრო დიდი დამნაშავეა, ის, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა და უკანონო ბრძანებებს გასცემდა, თუ ის, ვინც ამ ბრძანებებს აღასრულებდა? არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ბრძანებებს ყოველთვის თან ახლდა ოჯახის განადგურების მუქარაც.

 

ჰოდა, თუ ბრძანების გამცემი უფრო დიდი დამნაშავეა, თუ მართლა სამართლიანობის დაცვა გაგიხდიათ მიზნად, როგორ იტანთ ამ სისტემური დანაშაულების შემოქმედთა მიერ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებში? სად არის თქვენი სამართალი? რატომ არ მოითხოვთ სასტიკი რეჟიმის ავტორებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას? ანუ ყველაფრისგან „გაწვევას“, როგორც ამას მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით ითხოვთ?

 

იმიტომ, იმიტომ და იმიტომ, რომ სადაც „ხეირია“, იქ გირჩევნიათ დგომა. ოდნავ მაინც არ გეხამუშებათ, რომ „ნაცებიც“ თქვენი ნარატივით არიან პროცესში ჩართული? და ამის გამო არა თუ არც ერთხელ არ გამიჯვნიხართ, როგორც დანაშაულის სათავეს, საყვედურიც კი არ დაგცდენიათ.

 

ცინიზმის რომელი ხარისხია, როდესაც ცხრაწლიანი სასტიკი ბოროტების და გაყიდული ომის ერთ-ერთი შემოქმედი, გიგი უგულავა, განცხადებას განცხადებაზე აცხობს და საზოგადოებას ამუნათებს, ყოფით ენაზე რომ „მოვთარგმნოთ“ - ეს „მონსტრები“ (უგულავას შეფასებაა(?), მაგრამ არ ამბობს მონსტრის მბრძანებელს რა შეიძლება ეწოდოს) ჩვენს ბინძურ დავალებებს რომ ასრულებდნენ, ხომ შეიძლება სხვისი დავალებებიც შეასრულონო? ამიტომ უნდა დავსაჯოთო. ჩვენ, სიბინძურის შემოქმედები კი არა, ისინიო, შემსრულებლებიო(!). ჩვენ კი თქვენთან ერთად დამსჯელები ვიქნებითო.

 

დაფიქრდით, თუ აქამდე არ გიფიქრიათ. თუ გიფიქრიათ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით!  

 

მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით პროცესი საქმიანად გრძელდება. ძნელია, არ დაეთანხმო იმ მიდგომებს და გეგმას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა უმრავლესობის სახელით. ჩვენი, როგორც მოქალაქეების, სურვილი ერთი უნდა იყოს - მივიღოთ რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო.

 

P.S. - ჟურნალისტებო, დაანებეთ თავი ამ ეთიკის ყველა ნორმიდან და ფორმიდან გასული, ბიძინა ივანიშვილისადმი შურისძიების ჟინით დასნეულებული ხუხაშვილის კატორღულ ექსპლუატაციას. იყავით მის მიმართ უფრო მეტად ჰუმანურები. ყველასთვის ცხადია, კითხვებს იმიტომ კი არ უსვამთ, რომ მისი აზრი გაინტერესებთ, ან ვინმეს აინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ წინასწარ იცით, აუცილებლად ცუდს იტყვის, აუცილებლად ვიღაცას გალანძღავს, აუცილებლად ვიღაცას შეურაცხყოფს... არაადეკვატურობასაც აქვს საზღვარი.

 

P.S. 2 - ყველაზე უფრო, მაინც, ეს უსუფაშვილი მეცოდება. საყვარლად გაკვირვებული თვალებით რომ იძლევა ხოლმე ინტერვიუებს, აგერ უკვე ოცდაათი წელია, და მაინც არავინ რომ არ უსმენს. ერთ ძველ, კარგ ქართულ ანეგდოტშია - „ეს საქმე არც გამოსდის და თავსაც რომ არ ანებებსო?“

 

 

ბიძინა  დვალი

 

12.01.2019

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner