logo_geo
eng_logo
"ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში..."
- +

14 იანვარი. 2019. 16:06

ასე უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორც ამ ლექსის ავტორს.

ჩემი და ყველა ჩვეთაგანის ლადო!!!

არაერთგზის მითქვამს და დამიწერია, რომ თუ ჩვენ საზოგადოებას შერჩენია ობიექტურობის გრძნობა, მთაწმინდაზე უნდა ავავსვენოთ მეოცე საუკუნის დიდი მოღვაწე ირაკლი აბაშიძე, დიდი მეცნიერი პავლე ინგოროყვა, ერის უსაყვარლესი კომპოზიტორი რეზო ლაღიძე და ქართული პატრიოტული ლირიკის უკაშკაშესი ვარსკვლავი ლადო ასათიანი.

არცერთი მათგანისადმი არ იქნება რაიმე საპროტესტო-საწინააღმდეგო მოსაზრება თუ აქცია გამოვლენილი. ისე, როგორც, იშვიათად, მაგრამ მაინც მომხდარა...

მათ შთამომავლობას ღირსება და თავმდაბლობა არ აძლევს უფლება მოიქცეს ისე, როგორც არ ეკადრება მათ წინაპრებს...

ნუგზარ ფოფხაძე

 

სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული

 

 

 

 

 

 

ლადო ასათიანი მეუღლესთან ანიკო ვაჩნაძესთან ერთად

 

1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში, მოკრძალებული პედაგოგების მექი ასათიანისა და ლიდა ცქიტიშვილის ოჯახში, დაიბადა ნანატრი ვაჟი - ლადო. რა იცოდნენ მშობლებმა, რომ მათი ბიჭი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოეტი გახდებოდა და რომ მისი ყოველი ლექსი თუ სიტყვა ჟრუანტელს მოგვრიდა და კაკალ გულში დაარტყამდა მილიონობით მკითხველს, კიდევ უფრო მეტად შეაყვარებდა მათ საკუთარ სამშობლოს, სიცოცხლესა და თვით სიყვარულსაც და, უფრო მეტიც, მილიონობით ადამიანი ლადოს სიტყვებით მიეფერებოდა სასურველ ქალსა თუ მამულს... 
ლადოს ნამდვილად არ ჰქონდა ბედნიერი ბავშვობა. 1937 წელს დედა დაუპატიმრეს და გულაგში გაამწესეს. მერე „ხალხის მტრის“ შვილი ქუთაისის პედინსტიტუტიდან გარიცხეს. მერე კი აღადგინეს, მაგრამ ქუთაისში აღარ დარჩა და 1938 წელს თბილისში გადაბარგდა. სულ მგონია, რომ ძალიან ჩქარობდა, თითქოს ბედისწერისაც ეშინოდა, გულიც რაღაც ცუდს უგრძნობდა... აბა სხვას რას უნდა მივაწერო 26 წლის ბიჭის მიერ ამდენის მოსწრება, ამდენი შედევრის დატოვება?! მოკლედ... გავიდა ხანი და ლადომ ჟურნალ „ნორჩ ლენინელში“ დაიწყო მუშაობა და იქვე გაიცნო ანიკო ვაჩნაძე - მისი მუზა და მეუღლე. ისინი რუსთაველის პროსპექტის მიმდებარედ - ძერჟინსკის ქუჩაზე დასახლდნენ. ლადოს იმდენად უყვარდა რუსთაველზე სიარული, რომ სადიდებელი ლექსიც მიუძღვნა:
რუსთველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას....
...
მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ
რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა!

მალე ულამაზესი ქალიშვილი მანანაც დაიბადა... მაგრამ... 
არ იყო ეს კაცი სრულყოფილი ბედნიერებისთვის შობილი... საერთოდ, გენიოსებს იშვიათად სწყალობთ ბედი... ჰოდა, მერე იყო ტუბერკულოზი და მასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა... და ამ ბრძოლაშიც ლადოს „ზურგს უმაგრებდა“ მისი ერთგული ქალი და მეუღლე... 
„.ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები, –
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები...“.

ერთგან ამოვიკითხე, რომ ბოლოს ძერჟინსკის ქუჩაზე ასვლაც უჭირდა და ოჯახმა ერთი ნომერი დაუქირავა სასტუმრო „ორიენტში“-ო. ნამდვილად უჭირდა, რადგან ტუბერკულოზი უტევდა, არ ასვენებდა კაცს... ამბობენ, რომ დედის ბედი, ანუ დაპატიმრება, სწორედ იმ საშინელი დაავადების წყალობით არ და ვერ გაიზიარა, თორემ აუცილებლად გაუყენებდნენ კუტიგორის გზას... შერცხვებოდათ, მე შენ გეტყვი!!!
სამწუხაროდ უდიდესი ქართველი პოეტი ლადო ასათიანი ძალზე ახალგაზრდა, სულ რაღაც 26 წლისა გარდაიცვალა - 1943 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. 
გარდა-იცვალა და გადაინაცვლა მარადისობაში... მისი შედევრალური ლექსები კი მრავალი თაობის სიამაყის ობიექტი არის და იქნება...
„...დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!...“

დღეს ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი გახსნილია სოფელ ბარდნალაში, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა... და...
რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი...“
გაუმარჯოს ლადო ასათიანს, ჩვენს ქერუბიმს...

მას ნამდვილად აქვს დამკვიდრებული თავისი ადგილი უფლის სასუფეველში.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner