საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვა გარევაჭრობას უკავშირდება.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ტაძრის დაკეტვის მიზეზი არის მოუწესრიგებელი გარევაჭრობა, რომელიც ტურისტებისთვის არასახარბიელო გარემოს ქმნის.
„გარევაჭრობამ მონასტრისთვის შეუფერებელი, ძალიან უსახური ფორმა მიიღო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მამა კონსტანტინეს არაერთგზის დაუყენებია ეს საკითხი, მაგრამ არ მოხერხდა ამის გადაწყვეტა და შემდგომ მიიღო ასეთი ზომები. მიჭირს პასუხი, რამდენად იყო მისი ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული საპატრიარქოსთან, ვინაიდან მე არ ვარ ქალაქში, თავად ჩემთვის ეს ფაქტი სიახლე იყო“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.