ცესკოს თავმჯდომარემ კენჭისყრის დღე შეაჯამა. თამარ ჟვანიას განცხადებას „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„დასრულდა კენჭისყრის პროცედურები. 20:00 სთ-ზე საუბნო საარჩევნო კომისიები დაიხურა და დაიწყო საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი - ხმის დათვლის პროცედურები. საერთო ჯამში, საარჩევნო პროცესმა 45-ვე უბანზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, კორცხელის თემში დღეს მომხდარმა ფაქტმა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საარჩევნო გარემოს. გამოძიება დაიწყო. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება დროულად დასრულდება და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან, ეს უნდა გახდეს მაგალითი და პრევენცია. საარჩევნო პროცესებში ძალადობის ადგილი არ არის. ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას მსგავს ინციდენტებს," - განაცხადა თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.
მან, საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 20:00 სთ-ის მდგომარეობით:
გლდანში ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით - 14,77% შეადგინა, გარდაბანში - 32,83%, კასპში - 47,97%, წყალტუბოში 55,99%, ოზურგეთში 56,94%, ხობში 50%, ხოლო ზუგდიდში - 64,19%.
რაც შეეხება საჩივრებს, ამ ეტაპზე სულ შემოსულია 19 საჩივარი: უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებში - 11, საუბნო კომისიებში კი - 8. საჩივრები შეეხება მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს, რომლებზეც შესაბამისი საარჩევნო კომისია კანონმდებლობით დადგენილ ვადებში იმსჯელებს.