logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ბოლო ორ კვირაში გრიპის ვირუსით ავადობის მონაცემები შემცირებულია
- +

15 იანვარი. 2019. 12:51

 

 

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით ავადობის რაოდენობრივი მონაცემები შემცირებულია.

 

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის შემთხვევების შეფარდება მოსახლეობის რაოდენობაზე – პიკური რაოდენობა 277 უკვე გავიარეთ და წინა კვირის მონაცემებით, უკვე 253-ია. სასურველი იქნებოდა, უფრო ნაკლები ყოფილიყო, თუმცა ტენდენცია აშკარად გამოხატულია კლებისკენ. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ ძალისხმევა შევასუსტოთ, რადგან რაოდენობის შემცირება არ ნიშნავს დაავადების მიმდინარეობის გამარტივებას. დაავადება ისევ მძიმედ მიმდინარეობს, როგორც აქამდე იყო, გაზრდილი შემთხვევების პირობებში. კოორდინირებული ქმედებების შედეგად ცვლილებები, რაც ჩვენ განვახორციელეთ, მიმართული იყო, რომ სამედიცინო სამსახურებს ჰქონოდათ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, პირველ რიგში სასწრაფო დახმარებას. საოჯახო მედიცინის ცენტრების 24-საათაინ რეჟიმზე გადასვლამ მნიშვნელოვნად გაამარტივა სასწრაფო დახმარების მუშაობა. საოჯახო ცენტრების 24-საათიან რეჟიმზე გადაყვანამ ყველაზე დიდი გავლენა იქონია, ეს იყო ერთ-ერთ მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ მოსალოდნელი ზიანი დიდი არ ყოფილიყო”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომ მთელ მოსახლეობას გასჩენოდა ნულოვანი ფინანსური წვდომა ანტივირუსულ პრეპარატებზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო.

 

„ბოლო ორი კვირის სურათი დინამიკაში არის ასეთი – შემთხვევების რაოდენობა ავადობის იკლებს, სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა ასევე იკლებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაზრდილი იყო საოჯახო მედიცინის ცენტრებზე პაციენტების ნაკადი, თუმცა ახლა ეს ნაკადიც იკლებს. ამასთან, საავადმყოფოში გადაყვანის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, დაახლოებით 30%, მაჩვენებელია, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ყველა ადამიანიდან, ვინც მიმართ ექიმს გრიპის მიზეზით, მესამედზე მეტს სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია, რაც მკაფიო ნიშანია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე. ყველა ადამიანიდან ვინც მიმართ ექიმს გრიპის მიზეზით, მხოლოდ 45% იყო, ვინც ეს პირველი დღე-ღამის განმავლობაში გააკეთა, რაც ძალიან საყურადღებო იყო და ეს ინდიკატორი ახლა გაზრდილია, რაც ძალიან კარგია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner