შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში, კერძოდ, ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 10 ლოკაციაზე საავტომობილო სიჩქარის მზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი:
კახეთის რეგიონი:
ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერა. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 375 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.
„შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ.
სატელეფონო ნომრის გადამოწმების მიზნით ან მის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე - 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიბრძანდნენ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში.
შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.