logo_geo
eng_logo
ეს ის ადგილია, სადაც უფალმა გამამწესა – გია გაბრიჭიძის თბილისი!
- +

15 იანვარი. 2019. 22:33

 

 

პირველ რიგში, თბილისი ჩემთვის არ არის მხოლოდ ქალაქი, ან დედაქალაქი. სადაც დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ… აქ დაიბადნენ ჩემი წინაპრები, შვილები. არ მინდა ძალიან პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ როცა ვფიქრობ, ვხვდები, რომ ეს ის ადგილია, სადაც უფალმა გამამწესა და სხვაგან ვერსად ვერ ვიცხოვრებ. თბილისი ჩემი მოგონებაა, წარსულია, აწმყო და მომავალია. მინახავს ლაღიც და დანგრეულიც. მინახავს მშენებარე, ამაყი და დაცემული. მინახავს მომავლის იმედის მქონე. ერთის შეხედვით, ძალიან ბევრი შემიძლია ვთქვა, მაგრამ როცა მინდა დავწერო, ვხვდები, რომ ძალიან ძნელია. ვიცი, მაგრამ ბოლომდე ვერ ვამბობ. თბილისი ჩემთვის . . . ფაქტობრივად ყველაფერია.

 

მომწონს განვითარების პერსპექტივები და ხელისუფლების მიდგომა ამ ყველაფერთან. მომწონს ახალგაზრდების დამოკიდებულება თავიანთ ქალაქთან. ის სიყვარული, რაც აქვთ. მომწონს ის, რომ ტურისტები აღფრთოვანებულნი არიან. უმთავრესი, რაც არ მომწონს, არ არის მხოლოდ თბილისის ხელისუფლების გადასაჭრელი პრობლემა. ეს უფრო ქვეყნის პრობლემაა. რეგიონების განვითარება, იქ სამუშაო ადგილების შექმნა გამოიწვევს თბილისის განტვირთვას იძულებით, სამუშაოს საძებნელად ჩამოსული ხალხის დაბრუნებას თავიანთ მშობლიურ ადგილებში. ეს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. არ მომწონს ქაოსური მშენებლობები. არ მომწონს „საცობები“. არ მომწონს გაურკვეველი მიზნების მქონე უცხოელების პარპაში. არ მომწონს იმ ხალხის დამოკიდებულება, ვინც ვერ ითავისებს ქალაქს. საზოგადოებას, პირველ რიგში, სოლიდარობა აკლია. პრობლემების გადაჭრის გზებთან მიმართებაში აუცილებელი სოლიდარობა. აკლია ის რეგულაციები, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად უარყოფითი რეაქცია ექნება, მაინც აუცილებელია და ქალაქის ხელისუფლება არ უნდა მოერიდოს ხისტ ნაბიჯებს. ქალაქს, პირველ რიგში, განვითარების გენერალური გეგმა აკლია. გეგმა, რომელიც განტვირთავს ცენტრს და პერიფერიებს მეტი განვითარების საშუალებას მისცემს.

 

არ არსებობს და ვერ იარსებებს მზა რეცეპტი, თუ როგორ უნდა განვითარდეს თბილისი. ის გამოწვევები, რომლებიც პერმანენტულად და ძალიან სწრაფი ტემპით წარმოიშვება, მუდმივ ყურადღებას და დროულ რეაგირებას მოითხოვს. მიუხედავად სიძნელისა, დედაქალაქის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს არ ჩამორჩეს მოთხოვნებს და დროულად იმოქმედოს, მაგრამ აუცილებელია მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული გასაკეთებელი და უკვე გაკეთებული საქმეების შესახებ. აუცილებელია საზოგადოების მხარდაჭერა და დედაქალაქის ცხოვრებაში მაქსიმალური ჩართულობა (ცხადია, საჭიროების ფარგლებში). თბილისს ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს განვითარების თვალსაზრისით და ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის, დასავლურ გამოცდილებასთან ერთად, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ადგილობრივი, როგორც თბილისური, ასევე ქართული მომენტები.

 

გია გაბრიჭიძე

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner