logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ბალტიის ქვეყნებს ესტუმრა
- +

16 იანვარი. 2019. 17:40

 

 

2019 წლის 14-16 იანვარს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში, სადაც შეხვედრები გამართა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების გენერალურ მდივნებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.   

 

ვიზიტის ფარგლებში აპარატის უფროსი შეხვდა ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუს) გენერალურ მდივანს პეეპ იაჰილოს, ლატვიის პარლამენტის (საეიმას) გენერალური მდივნის მოადგილეს იევა ვილუმას და ლიეტუვას პარლამენტის (სეიმას) გენერალურ მდივანს დაივა რაუდონიენეს.

 

გივი მიქანაძემ კოლეგებს წარუდგინა ინიციატივა, ქვეყნებს შორის პარლამენტების ადმინისტრაციების დონეზე ურთიერთობების გააქტიურების და გაღრმავების მიზნით, ჩამოყალიბდეს არაფორმალური ოთხმხრივი ფორმატი, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტების აპარატებში დასაქმებულ მოხელეებს გაუზიარონ ერთმანეთს სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილება, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია და უფრო აქტიურად ითანამშრომლონ, რასაც დადებითად შეხვდნენ ბალტიის ქვეყნების პარლამენტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.

 

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგლამენტის თანახმად 2019 წლის 1 აპრილიდან პარლამენტში ფუნქციონირება უნდა დაიწყოს სსიპ „პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა”. განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს ამ კვლევითი ცენტრის თანამშრომელთა უნარების განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, აპარატის უფროსის ინიციატივით მხარეებმა განიხილეს და შეთანხმდნენ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ბალტიის ქვეყნებში კვლევითი ცენტრის თანამშრომელთა გრძელვადიანი სტაჟირების თაობაზე.

 

დამატებით, ადმინისტრაციებს შორის სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თითოეული ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან განსაზღვრავენ საკონტაქტო პირს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ინფორმაციის რეგულარულ და საჭიროებისამებრ მყისიერ ურთიერთგაცვლაზე.  

 

ბალტიის ქვეყნების ადმინისტრაციის ხელმძღვანელები თავის მხრივ დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროექტებით, მიღწევებითა და უახლესი ცვლილებებით, რაზეც აპარატის უფროსის მიერ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობის მაღალ მნიშვნელობას და გამოთქვეს მზადყოფნა გამართონ ერთობლივი შეხვედრა შემდგომი გეგმების დასახვისა და შესაძლო თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრის მიზნით. პარლამენტების ადმინისტრაციებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისა და კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, აპარატის უფროსმა კოლეგები მიმდინარე წლის მეორე ნახევარში საქართველოში მოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner