logo_geo
eng_logo
გურამ ნიკოლაშვილი: მიუხედავად თემის უკიდურესი პოლიტიზებისა, საეკლესიო ურთიერთობებს თავისი სპეციფიკა აქვთ
- +

16 იანვარი. 2019. 17:55

 

 

ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიღების საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.

 

„უკრაინის ახალი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მიღება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან წმინდად პოლიტიკური გარიგებისა და შეთანხმების ნაყოფია. პრინციპში, ავტოკეფალიები ყველა დროში ასეც გაიცემოდა.

კონსტანტინოპოლმა უკრაინის ეკლესია არ შექმნა ცარიელ ადგილას, როგორც იაპონიის ან აშშ-ის ეკლესიები შეიქმნა თავის დროს, არამედ შექმნა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ არსებული ეკლესიის ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის წინააღმდეგობის მიუხედავად. კირილესა და ბართლომეს შორის შეთანხმება ვერ მოხდა.

საქართველოს ეკლესიას თავისი სატკივარი აქვს, რაკი თავის ორ ეპარქიაზე ვერ ახორციელებს კონტროლს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის და მიწების რუსული ოკუპაციის გამო. არ შეიძლება, ეკლესიამ ავტოკეფალიის საფუძვლის ღრმა გააზრებისა და განხილვის გარეშე მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თავისი არსით ხვალ შეიძლება უკან შემოუტრიალდეს. ან არ შემოუტრიალდეს.

მიუხედავად თემის უკიდურესი პოლიტიზებისა, საეკლესიო ურთიერთობებს თავისი სპეციფიკა აქვთ. ამ ურთიერთობების გადმოტანა ქვეყნის შიგნით არსებული ვიწრო პარტიული ინტერესების ხორცშესასხმელად, უბრალოდ, მავნებლობაა. დღევანდელმა სახელმწიფომ სწორედაც რომ უნდა მოუსმინოს ქართულ ეკლესიას და მის წინამძღოლს, რომლის მოღვაწეობა და გადაწყვეტილებები ბევრად ბრძნული გამოდგა უკანასკნელი 4 ათწლეულის განმავლობაში, ვიდრე საერო ხელისუფლებებისა.

ზიანის მომტანი ამ ქვეყანაში მხოლოდ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებია, მითუმეტეს, მსგავს მგრძნობიარე თემაზე. პოლიტიკური ჯგუფები არად აგდებენ თემის მნიშვნელობას და რუსულ ნარატივზე ცდილობენ ქულების დაწერას“, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner