საქართველოს საავიაციო სექტორში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა პლენარულ სხდომაზე წარდგენილ მოხსენებაში, რომელიც გლობალური საავიაციო სამიტის „Connecting the World“ ფარგლებში ინდოეთის რესპუბლიკის ქალაქ მუმბაიში 16 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს.
„ტრანსპორტის დარგი, მათ შორის სამოქალაქო ავიაცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. საავიაციო სექტორი არის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, როგორც საჰაერო ტრანსპორტის, ისე მომიჯნავე სფეროებში. საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს, რომელიც წლიდან წლამდე დადებითად ისახება მგზავრთნაკადის ზრდაზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის ტენდენციამ და საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ განაპირობა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის მატება, კერძოდ, მისი თქმით, 2018 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 5.0 მილიონი მგზავრი, რაც 2017 წელთან შედარებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 24%-ით მეტია.
„საქართველო აქტიურად ახორციელებს „საქართველოს და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი რეგულაცია/დირექტივების ასახვას ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც ამავე დროს გულისხმობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. საკანონმდებლო დაახლოებასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იმისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურება.
2015 წლის 28 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ტავ-ურბან საქართველომ“ სრულიად განაახლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და შუქ-სასიგნალო სისტემა. 2017 წლის სექტემბერში ოფიციალურად გაიხსნა ჩამოფრენის ტერმინალი. მუდმივად მზარდი საჰაერო სატრანზიტო გადაფრენების უსაფრთხოდ მომსახურების მიზნით, გაფართოვდა თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების სამუშაოები“, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ საავიაციო უშიშროების და უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარებული ყოვლისმომცველი ბოლო აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა.
„ახალი მაჩვენებლებით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით მსოფლიოში ოცდამეათე, ევროპაში მეათე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა უსაფრთხოების აუდიტის მონაცემებით. რაც შეეხება საავიაციო უშიშროების მაჩვენებელს, სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვას, ეს ციფრი 89.8% წამოადგენს და მნიშვნელოვნად - 58%-ით არის გაუმჯობესებული 2008 წელს ჩატარებული აუდიტის მონაცემებთან შედარებით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
აკაკი საღირაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტზე დამსწრე ავიაკომპანიები დაინტერესდებიან საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელებით როგორც ინდოეთის, ისე სხვა მონაწილე ავიაკომპანიების ქვეყნების მიმართულებით.