დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკოს თქმით, მცირეწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაშია და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ოთხი წლის ბავშვის იაშვილის კლინიკაში ტრანსპორტირების საკითხი ჯერ არ განიხილება, რადგან ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია.
რაც შეეხება იაშვილის კლინიკაში მყოფ პაციენტებს, მინისტრის ინფორმაციით, კლინიკაში ექვსი ბავშვი რჩება, აქედან ხუთის მდგომარეობა არის მსუბუქი, ხოლო ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.
დავით სერგეენკოს განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.