ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ბუნებრივ აირთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების და რეკომენდაციების შესახებ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „ნიუს რუმის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ბინაში დაგროვილი გაზის აფეთქება, შეიძლება ტელეფონის ზარმაც გამოიწვიოს.
„დავუშვათ, გაზმა მიაღწია მაქსიმალურ კონცენტრაციას 9%-ის ფარგლებში, ამ დროს გაიღო ლიფტის კარი და გაისმა ხმაური, ამასაც კი შეიძლება გამოეწვია აფეთქება. ან დარეკა სახლის ტელეფონმა, ესეც საკმარისია, რომ აფეთქება მოხდეს. ხშირ შემთხვევაში ხდება თვითაფეთქებაც, ანუ ისეთი კონცენტრაციაა უკვე, რომ თვითონ შეუძლია მოლეკულებს აფეთქდეს. ეს ძალიან რთული პროცესია... როცა საცხოვრებელ კორპუსში ლიფტია, სადარბაზოში ვიღაც მოძრაობს, ან ისმის ტელეფონის ხმა... დაგროვილი გაზის აფეთქების უამრავი მიზეზი არსებობს.
მივმართავ მოსახლეობას, საკმარისია, ოდორანტის სუნი იგრძნოთ და იმ წუთშივე უნდა გამოიძახოთ სპეციალისტები! თუ გამოძახება ვერ ხერხდება, დაუყოვნებლივ უნდა გადაიკეტოს გაზის მთავარი სარქველი. თუ ოდორანტის სუნი არის შენობაში, იქ არ შეიძლება გაზის ექსპლუატაცია და აუცილებლად უნდა დაიკეტოს“, - აღნიშნა გია არაბიძემ.