logo_geo
eng_logo
ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის მითითებებს და დაიცვან მოძრაობის წესები
- +

17 იანვარი. 2019. 20:57

 

 

თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში გზებზე შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45კმ-დან 65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფ. იგოეთთან) ამინდის გაუარესების გამო მოყინულია და ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარზე ტექნიკური მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ადგილზე საგზაო მოძრაობის არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით“, – აღნიშნავენ შსს-ში.

 

ამასთან, უწყების ცნობით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე; თბილისის შემოვლით გზაზე კი იკრძალება მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება.

 

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, – აცხადებენ შსს-ში.

 

ამინდის გაუარესების, თოვისა და ლიპყინულის გამო ცენტრალური ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე სამ სხვადასხვა წერტილში ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა. ერთმანეთს სულ 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა. აღნიშნულ მონაკვეთზე  მოძრაობა შეფერხებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner