logo_geo
eng_logo
ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლები „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ საჩივრის მომზადებას იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ კომპანიის ბრალეულობა დადგინდება
- +

17 იანვარი. 2019. 22:27

 

 

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლები „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ საჩივრის მომზადებას იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ მომხდარზე კომპანიის ბრალეულობა დადგინდება.

 

ამის შესახებ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, აფეთქების შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ილია ბუზალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„საჩივრის მომზადებას ვაპირებთ, აუცილებლად. მაგრამ ჯერ ალბათ, გამოძიებას დაველოდებით, ვისი ბრალეულობა დადგინდება. თუ „ყაზტრანსგაზის“ ბრალეულობა არ დადგინდა, ჩვენ რა საჩივარიც არ უნდა შევიტანოთ, ვინ რას აგვინაზღაურებს?! ჯერ ბრალეულობა უნდა დამტკიცდეს და ამის შემდეგ მოვამზადებთ საჩივარს”, – განაცხადა ბუზალაძემ.

 

მისივე თქმით, გამოძიება დაინტერესდა, რა ვითარებაში მოხდა აფეთქება, სად იმყოფებოდა აფეთქების დროს თავად და როდის იგრძნო მოსახლეობამ ბუნებრივი აირის სუნი.

 

„დეტალურად მომაყოლეს მთელი დღის ამბავი, რა მოხდა, როგორ მოხდა. ძირითადად გამომკითხეს იმ პიროვნებაზე, რომელიც ლიფტში ჩემთან ერთად შემოვიდა, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ გარდაიცვალა. სწორედ ის პიროვნება შევიდა იმ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა. კიდევ მკითხეს „ყაზტრანსგაზის“ თემაზე. არ ვიყავი შემსწრე „ყაზტრანსგაზის“ ზუსტი ამბების, მთელი დღის განმავლობაში და ეს გადმოცემით ვიცოდი, ესეც მოვახსენე გამოძიებას.

 

ამ დღეს იგრძნობოდა მხოლოდ სუნი. ერთხელ, შუადღეს დაურეკეს მცხოვრებლებმა. მოსულან, შეუმოწმებიათ, არაფერი არ არისო. მეორედ, ნახევარ საათში დაახლოებით კიდევ დაურეკეს, კიდევ არისო სუნიო. ისევ მოვიდნენ, შეამოწმეს და არაფერი არ არისო. სადღაც, 15 წუთში შეუმოწმებიათ. ამ დროში კიდევ ნამდვილად ვერ შეამოწმებდნენ ყველა სართულს, ეს ჩემი პირადი ეჭვია.

 

ლიფტში რომ შევედი საღამოს, მაშინ ვიგრძენი სუნი, აფეთქებამდე სადღაც 2 წუთით ადრე.

ჩემს გარდა არიან მეზობლებიც გამოკითხვაზე, ზოგი წავიდა, ზოგი ახლაც განყოფილებაშია, ზოგი ახლა მოდის“,- განაცხადა ბუზალაძემ.

 

როგორც ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, კორპუსში აპრილში შევიდა საცხოვრებლად და აქამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ.

 

„ამ კორპუსში აპრილში გადავედი და არასდროს პრობლემა არ ჰქონია არაფერს. ეს იყო უპასუხისმგებლობის ბრალი, უბრალოდ არ შეამოწმეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა სათანადოდ. კარგით, დავუშვათ შეამოწმეს სადარბაზო და პრობლემა ვერ ნახეს, სუნი ხომ მაინც იდგა, ბინებში უნდა შესულიყვნენ და ენახათ, არავინ არ ეტყოდა მაგაზე უარს. არ შევიდნენ, არ შეამოწმეს, გულგრილად, რაღაც დამცინავი ტონით ულაპარაკია ერთ-ერთ თანამშრომელს, რომ საღებავის და გაზის სუნი ვერ გაგირჩევიათო, ან ვიღაცამ გაზის ბალონი აიტანა და მაგან დააყენა სუნი და განიავდებაო“,- განაცხადა აფეთქების შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

 

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.  აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეზე დღეს სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორი, მშენებლები და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები გამოკითხეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner