საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გუშინ კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც საარჩევნო უბნებზე პროვოკაციის მოწყობას შეეცდება.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიმყოფები კონკრეტული მიზეზით-ხვალ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა იმართება პარიზში, სადაც საქართველოს თემაზე მომხსენებლებს მოვუსმენ და ხელისუფლების პოზიციებსაც გავაცნობ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არაერთ საკითხზე.
ცხადია ყურადღებით ვადევნებ თვალს სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროვოკაცია „ნაციონალურ მოძრაობას" ჭირდებოდა იმისთვისაც, რომ ხვალინდელ სხდომაზე აქ, ევროპელ კოლეგებს წაქცეული თუ ნაცემი ბოკერია-მელიას ფოტოები აუფრიალონ და საარჩევნო პროცესის და მთლიანად ხელისუფლების დისკრედიტაცია კიდევ ერთხელ სცადონ, რასაც ვერ მიაღწევენ!
თუმცა, დაბეჯითებით მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებაში ახლა ჩვენ ვართ და განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით, თუ კანონი დაირღვა, პროვოკაცია დაიგეგმა, განხორციელდა თუ კიდევ იგეგმება, არ ვიცი, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას!
საარჩევნო პროცესისთვის, ხმის მიცემისთვის ხელშეშლა, ამომრჩეველზე ზეწოლა, უბნებზე წესრიგის დარღვევა, ძალადობა, ცემა- დანაშაულია და სწორედ, სამართალდამცავი ორგანოებისგან, პოლიციისგან მოვითხოვ შესაბამის და დროულ რეაგირებას, თუ ვინმე ქვას ისვრის, განცხადებით კი არა კანონით უნდა ვუპასუხოთ! ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს ძალადობა ამ ქვეყანაში და ამისთვის კონკრეტული მოქმედება და დანაშაულის აღკვეთაა საჭირო, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის!" - წერს კობახიძე.