საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში გუშინ, სოფელ კორცხელში, მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„სანამ დღევანდელი ეპიზოდის მსგავს საქციელს გაამართლებს საზოგადოების მეტ-ნაკლებად სოლიდური ნაწილი, გახსოვდეთ, სულ ასეთ დღეში იქნებით!
„თვითონ მოაწყვეს", „ალბათ დაიმსახურეს", „თვითონ რომ აკეთებდენ, კარგი იყო?" - და ასეთების ავტორებს ყოველთვის შერჩებათ ხელში მოძალადე ხელისუფლება, რომელიც მათ არანაირ ანგარიშს არ გაუწევს. მართალია, ცოტა ხანს იხეირებენ არჩევნების წინა პერიოდში, მაგრამ არჩევნების დასრულებისთანავე სანაგვეზე გადაგდება ელით, რათა კიდევ 3,5 წელიწადი აგინონ მათ, ვისთვისაც „თავი გაწირეს" და არ დაუფასდათ...
სწორედ ამ, მოკლევადიან სახრავზე ორიენტირებულ აპოლიტიკურ მასას (აპოლიტიკურს, რადგან მათთვის არსობრივად სულ ერთია ვისთვის იზონდერ-იკოორდინატორებენ) მოჰყავს თავგასული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე მიდის ძალაუფლების და პრივილეგიების შესანარჩუნებლად. ვის ხარჯზე აკეთებს ამას, იმედია, დაწერა არ სჭირდება.
გადის წლები და ამ უგნურთა ბრბოს კიდევ უფრო უცრუვდება, ეკარგება რაიმე სიკეთის იმედი. წლებია, საუკუნეებია ასეა აქ. საკუთარი კუჭის დღეს გაძღომის მასშტაბი - მთავარია საქართველოში. ამ ხედვაშია სწორედ საქმე. და თუ ასეა, რა აზრი აქვს კითხვას: „რატომ არაფერი იცვლება?", „რა გვეშველება?"...
P.S. ჰო, კინაღამ დამავიწყდა: ალბათ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი 1991-92 წლების მოვლენების ლოგიკური შედეგია." - წერს გამსახურდია „facebook"-ზე.