ავტორი თამაზ ჩიქვანაია
1412 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე კონსტანტინე პირველის ძე, 22 წლის ალექსანდრე ავიდა.
ვახუშტი ბატონიშვილი მას გიორგი მეშვიდეს შვილად მიიჩნევდა, თუმცა, თანამედროვე ქართველი მეცნიერები თანხმდებიან, რომ ალექსანდრე კონსტანტინეს ვაჟია, რომელიც ყმაწვილობაშივე განუდგა მამას უცნობი მიზეზით და ბებია რუსამ აღზარდა.
ალექსანდრე I დიდი სამეფო ოჯახთან ერთად, გრიგორი გაგარინის რეპროდუქცია, 1847 წელი.
დიდი ბჭობა მიდის ამ დიდებული ქალბატონის ვინაობის თაობაზეც. ყველაზე სარწმუნო ცნობებით, რუსა გახლდათ იმ დროის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, დიდი ფეოდალის, ქუცნა ამირეჯიბის მეუღლე. სწორედ მათი ქალიშვილი ნათია იყო კონსტანტინეს თანამეცხედრე და საქართველოს დედოფალი.
იმდენად დიდი იყო ბებიის როლი მომავალი მეფის აღზრდაში, რომ ამას თავად ალექსანდრეც ამბობს სიგელ-გუჯრებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია:
„ბებიისა ჩემისა ჩემზედა მრავალ-ფერად ვალდებულისა და ჭირნახულისა რუსასა სულისათუის აღაპი გამიჩენია“.
მეფის ბებია გახლდათ ის ქალი, ვინც თემურლენგის მიერ გავერანებულ ქვეყანაში საშურ საქმედ ერის სულიერების უმთავრესი ძეგლის, დანგრეული სვეტიცხოვლის აღდგენა მიიჩნია და ენერგიულად შეუდგა კიდეც ჩანაფიქრის განხორციელებას 1412 წელს, რომელიც მისმა შვილიშვილმა ალექსანდრემ 1431 წელს დაასრულა.
ახლა შევეცადოთ, წარმოვიდგინოთ, რა ვითარება იყო იმ დროს საქართველოში.
თემურლენგის რვაჯერ „სტუმრობამ“ ქვეყნის აღმოსავლეთი მხარე ლამის უკაცრიელად აქცია, ასობით ათასი ამოწყვეტილი და კიდევ ერთი ამდენი ტყვედ წაყვანილი, დანგრეული ქალაქები და იავარქმნილი სოფლები, მორღვეული ციხეები და მიწასთან გასწორებული ეკლესიები — აი, ასეთი გახლდათ ალექსანდრე პირველის წილხვედრი საქართველო.
სულ რაღაც ორი ათეული წელი დასჭირდა საქართველოს მეორედ აღმაშენებელს, რომ ქვეყანა მოეფერიანებინა, წელში გაემართა და გარს შემოჯარული მაჰმადიანი მტრებისთვის ანგარიშგასაწევ ძალად ექცია.
თავად ბრძანებდა მეფე:
„მოოჴრდა და იავარ იქმნა და ყოველადვე ძალი და ნუგეშინისცემა არსით ჰქონდა, გამეფებისთანავე ვიწყე ბრძოლად უსჯულოთა და განვასხენ მზღუართაგან ჩუენთა და ქრისტიანენი ფრიადსა მშჳდობასა და მყუდროებასა მიეცნეს“.
გაუკაცრიელებულ აღმოსავლეთში დასავლეთ საქართველოდან გადმოასახლა ხალხი, აწიოკებული და ლტოლვილი სომხებიც მრავლად ჩასახლდნენ სამხრეთ ტერიტორიებზე. მეფემ მათ გამგებლად ბეშქენ ორბელიანი დანიშნა და მასვე უწყალობა მტრისგან გამოხსნილი ლორე და სივნიეთი (ყარაბაღი).
თავკერძა და ქვეგამხედვარი ბობოლა ფეოდალები ალექსანდრე პირველის დროსაც მრავლად იყვნენ და ყველა მათგანმა საკუთარ ტყავზე გამოსცადა ახალგაზრდა მონარქის მტკიცე ხელი. ჯერ სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრებს „აუწია ყური“ და შეარიგა, შემდეგ გათავხედებულ სამცხის ათაბაგს გაუსწორდა კოხტასთან და ამრიგად განიმტკიცა მეფობა, რადგან ნაწილობრივი და თანდათანობითი შეკეთებითა და განახლებით ზიანის გამოსწორება შეუძლებელი იყო. მხოლოდ მთელი სახელმწიფოსა და ერის შეერთებული, ერთობლივი, ხანგრძლივი მოქმედებითა და დიდი ქონებრივი სახსრის გამოღებით შეიძლებოდა ბარბაროსთა შემოსევისაგან განადგურებული ქვეყნის აღდგენა. მისი გეგმაც ასეთი იყო.
მცხეთის დიდებული ტაძრის აღდგენა დამთავრებული არ ყოფილა, რომ მთელ სახელმწიფოში იმ დროისთვის გაუგონარი გეგმითა და არაჩვეულებრივი შემართებით აღმშენებლობითი მუშაობა განუზრახავს. თავად ასე ბრძანებს:
„ვითარ ჩუენგან სათანადო იყო, ეგრეთ ვინებე... ყოველთავე საქართველოსა ციხეთა და საყდართა აღშენებად. მას ჟამსა შემოსავალი ჩუენისა სახლისა არსით რა იყო და ამად საქართველოს კუამლსა ზედა ორმოცი თეთრი მალად განვაჩინე და ასოცდარვად ქ˜კნამდე (ე. ი. 1440 წ.) რაოდენი საქართველოსა ციხენი საყდარნი და მონასტერნი არიან, ყოველნივე ახლად აღვაშენენ და შევამკუენ და აწ ჩუენსავე ჟამსა შიგან ამოგჳკვეთია“.
აქ საუბარია დროებით გადასახადზე, რომელიც მეფემ 1425 წელს დააწესა და მას „მალი“ უწოდა. მეფემ სიტყვა შეასრულა და 1440 წელს ეს გადასახადი გაუქმდა, რადგან ქვეყანა უკვე მყარად იდგა ფეხზე. უფრო მეტიც, მას უკვე ანგარიშს უწევდნენ და უფრთხოდნენ კიდეც.
XV საუკუნეში სომეხთა ეპისკოპოს მარტიროსს სურდა, ქართველ მონაზონთაგან გოლგოთა დაებრუნებინა. ამ საქმისთვის ეგვიპტეშიც კი გამგზავრებულა რამდენჯერმე. იქაური მოხელეებისათვის მირთმეულ საჩუქრებში დიდძალი ფულიც დაუხარჯავს, მაგრამ ამაოდ. ეგვიპტის სულთნის კარზე ბოლოს თურმე გულახდილად ურჩიეს მარტიროსს, გოლგოთას საბოლოოდ გამოთხოვებოდა და ქართველებთან ცილობისთვის თავი დაენებებინა, რადგან ქართველი ბერების უკან მათი დიდი მეფე დგასო.
იმდროინდელი მოგზაური ბართლომე დე სალინიაგო მოგვითხრობს:
„იერუსალიმში სალოცავად შესვლის დროს ქართველები საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ ცხენებსა და აქლემებზე სხედან და გაშლილ-აფრიალებული ეროვნული დროშებით თავისუფლად შემოდიან ქალაქში და სხვებივით სულთანს ამისათვის დაწესებულ გადასახადს არ აძლევენ“.
იგივე სალინიაგო ბრძანებდა, ეგვიპტისა და ოსმალეთის სულთნებს ქართველების რიდი და შიში აქვთო.
უნდა გავიხსენოთ ფერარა-ფლორენციის მსოფლიო საეკლესიო კრებაც, რომელიც მსოფლიო საეკლესიო ერთიანობის აღდგენას ისახავდა მიზნად. ამ კრებაზე, როგორც წესი, დაცულ იქნა დიპტიხი. სხდომის დარბაზში, საპატრიარქო ეკლესიების რიგში, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის პატრიარქების წარმომადგენლების შემდეგ საქართველოს საპატრიარქო ეკლესიის წარმომადგენლები დასხეს.
ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს:
„სწერენ ხრონოლოგებისა შინა, რამეთუ ფლორენციის კრებასა ზედა იყო ერთი მიტროპოლიტი სოფრონ და ეპისკოპოზი ერთი, წელსა ქრისტესა 1433“.
რაღა თქმა უნდა, გარშემო შემოჯარულ მაჰმადიან მეზობლებს არ ეძინათ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1437 წელს ყარაბაღში ჩასულ მეფეს მორჩილებით მიეახლნენ განძელნი, შირვანელნი და დარუბანდელნი, და ალექსანდრემ „განუჩინა მათ ხარკი და დაიმორჩილნა ყოვლითვე“.
ამან დიდად შეაშფოთა თავრიზის მფლობელი ჯაჰან-შაჰი, შეიამხანაგა მახლობელი ამირები და აღდგომა დღეს ახალციხეს შეუტია.
აქ ჩვენს ისტორიაში მორიგი თეთრი ლაქაა, ფაქტების ნამდვილობაც ჯერ ვერ ზუსტდება. სომეხი მემატიანე თომა მეწოფელი გადმოგვცემს, რომ ეს 1440 წელს მომხდარა. ჯაჰან-შაჰს ახალციხის შემდეგ სამშვილდეც აუღია, თბილისიც გაუვერანებია და ყველა ახალი თუ ძველი ციხე და ეკლესია მიწასთან გაუსწორებია.
პატივცემული სომეხი მემატიანე ზედმეტად მიკერძოებული ჩანს. საინტერესოა, ქართველებმა ასე ხმალმოუქნევლად როგორ დაანებეს წვალებით აშენებული ქვეყანა მომხდურს, ან როგორ დასრულდა ეს ლაშქრობა.
სულ სხვა ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც თურქმანთა შაჰის შემოსევის თარიღად ასახელებს 1444 წელს, ანუ უკვე ვახტანგის, ალექსანდრე პირველის ძის მეფობის ხანას:
„ჯაანშაჰ ყაენი წამოემართა და უგრძნეულოდ მოვიდა სამცხეს და ბრძოდა ძლიერად წელსა 1444-ს... და იქმნა ბრძოლა ძლიერი დილით მწუხრამდე... ძლევა იქმნა და ვერცა ერთმა ძლო და სიღამით უკუდგნენ ბრძოლისაგან ხვალისად ორივე მემუქარენი. არამედ მასვე ღამესა აიყარა ჯაანშაჰ ყაენი“.
ანუ სისხლისმღვრელ ბრძოლაში ორივე მხარეს დიდი ზარალი უნახავს, ვერცერთს გადაუწონია და ყაენი სპარსეთს გაბრუნებულა იმავე ღამეს.
თურქმანთა უკუქცევის ამბავი მეორე დღეს გამოაშკარავებულა, მაგრამ დიდებულებს ვახტანგ მეფისთვის დადევნების ნება არ მიუციათ, ვინაიდან ლაშქრობა დამთავრებულად მიუთვლიათ.
პირადად ჩემი აზრით, უფრო სარწმუნო ვახუშტის ცნობაა. არა იმიტომ, რომ ასე უფრო მომწონს, უბრალოდ, ბევრ შეუსაბამობას ვხედავ თომა მეწოფელის გადმოცემაში, რომელიც ალექსანდრე მეფეზე მოწოდებულ სხვა ფაქტებშიც აშკარად სცოდავს.
ალექსანდრე პირველი 1442 წელს სვეტიცხოველში აღიკვეცა ბერად ათანასეს სახელით, საერო საქმეებს განერიდა და ქვეყნის საჭეთმპყრობელად ვახტანგი დაამტკიცა. გავრცელებული ცნობა, თითქოს მან ქვეყანა სამ სახელმწიფოდ გაყო და შვილებს გაუნაწილა, ასევე არ ჰგავს სიმართლეს.
ვახტანგ მეექვსის მიერ შექმნილმა საბჭომ ამის დამადასტურებელი საბუთები ვერსად მოიპოვა. სავარაუდოდ, ქართული სახელმწიფოებრიობის რღვევა, უფრო მოგვიანებით, მისი შვილების ხანაში დაიწყო.
ქართველმა ხალხმა კი, ერის წინაშე ვალმოხდილ მეფეს, მისი ღვაწლის შესაფერი თიკუნი მოუძებნა და მას მეფეთ მეფე ალექსანდრე დიდი უწოდა.