logo_geo
eng_logo
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით წაუყენეს
- +

19 იანვარი. 2019. 18:17

 

 

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი წაუყენეს. მათ სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან.

 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულგრილობას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, ახლა გამომძიებელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობის შესატანად მიდის. არც ერთი ბრალდებული არ დაკითხულა, თავს დამნაშავედ არ თვლიან. აღნიშნული ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენ ვითხოვთ, აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახეობა არ იქნეს გამოყენებული და ალტერნატივის სახით გირაო იქნეს შეფარდებული", - განაცხადა ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ორი თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

 

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვებიდან ერთი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე გადის.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner