logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით ხედვას მალე წარვადგენთ
- +

21 იანვარი. 2019. 03:21

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას ხედვას, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხები. ამის შესახებ თბილისის მერმა "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

 

თბილისის მერის თქმით, დღეს ისეთი აკრძალვის შემოღება, რომელიც ადამიანებს ექსპლუატაცია მიუღებელ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრებას აუკრძალავს, თბილისში ათასობით ოჯახისთვის პრობლემას შექმნის.

 

მერის განმარტებით, დღეს უამრავი ადამიანია, რომელიც ისეთ კორპუსებში ცხოვრობს, რომლებიც მერიას ჯერ ჩაბარებული არ აქვს, თუმცა ახლა რეგულაციის შემოღება ამ ოჯახებს პრობლემებს შეუქმნის.

 

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიიდან მალევე თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა. როგორც მან მაშინ განმარტა, სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა კანონში ის ცვლილებები, რომელიც დღეს პრობლემებს ქმნის. კერძოდ, 2009 წელს გაუქმდა კანონის ის მუხლი, რომელიც მოქალაქეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას უკრძალავდა.

 

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.

 

აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. საქმეზე დაკავებულია "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner