logo_geo
eng_logo
ჟურნალისტებო, თქვენ შეგიძლიათ...
- +

21 იანვარი. 2019. 12:36

 

როგორც აქტიურ ტელემაყურებელს და ქართული ბეჭდვითი პრესის აქტიურ მომხმარებელს, უფლება მაქვს,  ჩვენი მედიისგან, ჩვენი ჟურნალისტებისგან მოვითხოვო პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც მაწუხებს და რომლებიც, სამწუხაროდ, დღემდე არავის დაუსვამს.

 

ვიდრე კითხვებს და მათ ადრესატებს გაგაცნობდეთ, ვისთან „შუამავლობასაც“ მოვითხოვ თქვენგან, ჩემო ჟურნალისტებო, მცირე შესავალს გავაკეთებდი: დემოკრატიულ სახელმწიფოებში „მეოთხე ხელისუფლება“ სამართლიანობის მთავარი საყრდენია. ამ როლის წარმატებით შესრულებისთვის აუცილებელია თემების და განსაკუთრებით - პრობლემების ყოველმხრივი და სიღრმისეული განხილვა. სკანდალებით გატაცება „ყვითელი“ საქმეა, რაც მედიას სახელმწიფო ინტერესზე მზრუნველის (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) პასუხისმგებლობას აკარგვინებს და ამის გამო პოლიტიკა რჩება ხეიბარი.

 

ახლა რაც შეეხება კითხვებს... ვუბრუნდები  ე.წ. მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებულ მოვლენათა განვითარებას (იხ. Reportiori.ge 14.01.2019 – „სადომაზოხისტური მედია და სახელმწიფო ინტერესი“). ჩემი კითხვების ძირითადი ადრესატები არიან როგორც პოლიტიკური, ისე (ვითომ) არაპოლიტიკური წრეების წარმომადგენელი, ღაწვებზე მირონმდინარი, სასამართლოს ბედით „შეშფოთებულ-აღშფოთებული“ პერსონები და ჯგუფები (ირონია იმის ნიშანია, რომ ჩემში და არა მარტო ჩემში,  ამ ეკლექტურ ერთობაში მოხვედრილთა გულწრფელობა „სამართლიანობისთვის ბრძოლაში“ დიდი ხანია ეჭვებს იწვევს).

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კითხვები ემსახურება საქმის სიღრმეებში წვდომისა და პრობლემის მოგვარების ინტერესს. მაშ, ასე...

 

- გთხოვთ, შეაფასოთ ქართული სასამართლოს საქმიანობა 2012-2018 წლებში;

 

- გთხოვთ, შეაფასოთ მოსამართლეთა ათკაციანი სიისა და იუსტიციის საბჭოს თითოეული წევრის საქმიანობა 2012-2018 წლებში;

 

- გთხოვთ, წარმოადგინოთ სასამართლო სისტემის 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომი პერიოდების საქმიანობის შედარებითი ანალიზი;

 

- გთხოვთ, შეაფასოთ, საქართველოს საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების საქმიანობა სასამართლო რეფორმის მიმართულებით;

 

- გთხოვთ, სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, წარმოადგინოთ თქვენი ხედვები სამგანზომილებიან ჭრილში - სად ვიყავით, სად ვართ, სად გვინდა რომ მივიდეთ;

 

- გთხოვთ, გვიპასუხოთ, იმ სუბიექტის დანაშაული უფრო მძიმეა, ვინც ქმნიდა უსამართლო კანონებს, იღებდა უკანონო და უსამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე გასცემდა უკანონო ბრძანებებს, თუ იმ სუბიექტის, ვინც ამ ბრძანებებს აღასრულებდა, ხშირად კანონზე (უსამართლო კანონზე) დაყრდნობით? - ამ კითხვის დასმისას არ დაგვავიწყდეს, რომ ბრძანებას, როგორც წესი, თან ახლდა მძიმე შინაარსის (მაგალითად, ოჯახის განადგურების) ღია ან ფარული მუქარა;

 

ბოლო შეკითხვა არსით რიტორიკულია, ამიტომ მოითხოვს თანმხლებ შეკითხვას:

 

- რამდენად მორალურია, ითხოვდე მოსამართლეთა მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარებას, ძველი რეჟიმის პირობებში მათი საქმიანობის გამო, როცა რეჟიმის „შემოქმედები“ უფრო მაღალი სახელისუფლო პოზიციებიდან აგრძელებენ „მოღვაწეობას“ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას?

 

- რატომ არ მოითხოვთ (პირველ რიგში) მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებული რეჟიმის მთავარი „შემოქმედისთვის“, პარტია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მისი განაყოფ-დანაყოფებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას? ხომ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, როცა „წინა ეპოქის“ მოსამართლეების ყველაფრისგან გარიყვისთვის ვიბრძვით? სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით პრიორიტეტების ამგვარი განსაზღვრა განა უფრო სამართლიანი (და უფრო ლოგიკურიც) არ იქნება?

 

- (შეკითხვა „სამართლიანობისთვის მებრძოლთა“ იმ წარმომადგენლებს, „ქვეყნის გადასარჩენად“ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებთან რომ მართავენ კონსულტაციებს) - რამდენად მორალურად მიგაჩნიათ „საქმიანი საუბრები“ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებთან ქვეყნისთვის  მნიშვნელოვან საკითხებზე? რა განსხვავებაა ძალადობრივ რეჟიმზე ამ პარტიისა და მათი „დედა ორგანიზაციის“, „ნაცმოძრაობის“ პასუხისმგებლობებს შორის? მიზანი ამართლებს საშუალებებს?.. ორი მაგალითი შეხსენებისთვის - გიგა ბოკერია იყო ბოლშევიკურ-ფაშისტური ცხრაწლეულის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, ანუ „სულიერი მამა“ და „სახე“, ხოლო სრულიად უსახური ოთარ კახიძე - მაშინდელი მოსამართლეთა კორპუსის ცივსისხლიანი მმართველის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, ერთგული „თანამოაზრე“ და თანამზრახველი.

 

ამ ძირითადი კითხვების გარდა, არსებობს სხვა კითხვებიც, დეტალებთან დაკავშირებით, მაგრამ ამაზე შემდგომ. მთავარი ისაა, რომ ჩვენთვის საინტერესო რესპონდენტები ან საღად დაინახავენ ობიექტურ რეალობას, რაც ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებში პირდაპირ თუ ირიბად იკითხება და უფრო სიღრმისეულად, სახელმწიფო ინტერესის ჭრილში გააანალიზებენ არსებულ ვითარებას, ან იქნებიან მხილებული კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებებში.

 

ჟურნალისტებო, თქვენ შეგიძლიათ ფაქტებს და მოვლენებს ობიექტურად და სამართლიანად დაარქვათ თავისი ნამდვილი სახელები.

 

ბიძინა  დვალი

19.01.2019    

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner