დიღომში, საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. პრეზენტაციას ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.
ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საქართველოში მეცნიერებს, საექსპერტო ბაზით უზრუნველყოფს.
როგორც ექს-პრემიერმა განაცხადა, ხელისუფლება ცდილობს, დაიბრუნოს ტრადიციები და ააღორძინოს მეცნიერება, რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენის დროს ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა.
„ეს არის მეგა პროექტი, მითუმეტეს, რომ რამდენიმე მეცნიერებას შეუძლია, გამოიყენოს როგორც საექსპერტო ბაზა. ეს იქნება ძალიან დიდი საფუძველი იმისთვის, რომ განვითარდეს და აღორძინდეს მეცნიერება. ჩვენი მეცნიერება ძალიან მაღალ დონეზეა და გვაქვს ძალიან კარგი ისტორია, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის დროს, მან ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა, დაინგრა რაღაც დონეზე. ახლა ვცდილობთ, რომ დავიბრუნოთ ტრადიციები და ავაღორძინოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ცენტრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან აქ როგორც მათემატიკოსებს, ფიზიკოსებს, ჯანდაცვის სპეციალისტებს, ისე სხვა მეცნიერებებს ექნებათ საშუალება, მიიღონ უნიკალური საექსპერტო ბაზა.
საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტის ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს შეადგენს და მას მთლიანად საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს.
პროექტის მიზანია, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო- ექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, ერთ-ერთია მეცნიერული კვლევის უახლესი მეთოდი - სიმსივნის ადრონული თერაპია.