„შესაძლოა, რეალობა მალე ისეთი იყოს, თავიანთი ოჯახის წევრების გარდა, სასამართლოში აღარავინ შეუშვან და სასამართლო ერთი ჯგუფის კერძო კანტორად ჩამოყალიბდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„იუსტიციის საბჭო ნიშნავს მოსამართლეებს და გვთავაზობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატებს. თუ მათ ვინმე არ უნდათ, სამართლებრივად, ის ამ სისტემაში საერთოდ ვერ ხვდება. მაშინ, რა საჭიროა სასწავლო ცენტრები, რაზეც ვსაუბრობდით და ახალი მოსამართლეების, კანდიდატების აღზრდა?! საერთოდ, პროფესია ქრება და ამ სისტემაში ვერც ერთი იურისტი ვეღარ შედის. ის ყველასთვის იკეტება. გარწმუნებთ, ჩვენ იმისკენ მივდივართ, რომ კარები ჩაიკეტოს და სასამართლო სისტემა ერთი ჯგუფის ხელში დარჩეს“, – განაცხადა ფოფხაძემ.
ირაკლი აბსნაძის შეკითხვაზე, არის თუ არა ამ გეგმის ნაწილი ის ერთგვარი ვა ბანკი, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წინასაახალწლოდ წავიდა, ფოფხაძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს ასეა და იუსტიციის საბჭოს პოლიტიკურ ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ სწორედ ეს ვა ბანკი აყენებს.
შეკითხვაზე, როგორ უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემაში ახალი სისხლის შეშვება და განიხილება თუ არა უმრავლესობის გუნდში სისტემის გახსნილობისთვის საკანონმდებლო უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს.
როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, თუ საზოგადოებას უნდა, რომ იუსტიციის ეს საბჭო არ იყოს, იუსტიციის ეს საბჭო ვეღარ იქნება.
„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ გამოვნახოთ საზოგადოების სურვილის პოლიტიკური რეალიზაციის სამართლებრივი ფორმა და ეს განვახორციელოთ. ეს ჩვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა ფოფხაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პოლიტიკური გადაწყვეტილებით უნდა აიძულონ, სახლში თვითონ წავიდნენ, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ამას მოსახლეობა წყვეტს.
„განცხადებები ხომ გაიტანეს თვითონ?! ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ მაგალითად, მოსახლეობას უნდა, მე წავიდე, მე უნდა წავიდე, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი მანდატი მაქვს და წესით, პარლამენტიდან ვიღაც ვერ გამომიწვევს“, – განაცხადა ფოფხაძემ.
შეკითხვაზე, არის თუ არა ჯერ კიდევ იმის შანსი, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების ფონზე პოლიტიკისგან დაცლილი, პროფესიულ-ეთიკურ სტანდარტებზე დაყრდნობილი კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს, ფოფხაძემ განაცხადა, რომ კოლეგებთან თანამშრომლობისას ამ რეზერვს ხედავს.
„საზოგადოების ერთი ნაწილი, ვინც ამ საკითხს ძალიან საღად უყურებს, შესაძლოა, ისე გაერთიანდეს, რომ ერთიან პროექტზე შევჯერდეთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.