logo_geo
eng_logo
მაიკ პენსი: ვენესუელაში გარდამავალი მთავრობის შექმნას მხარს ვუჭერთ
- +

22 იანვარი. 2019. 23:06

 

ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელაში გარდამავალი მთავრობის შექმნას მხარს უჭერს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა სპეციალურად გაკეთებული მიმართვის დროს განაცხადა.

 

მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ ის ლათინური ამერიკის ქვეყნის ოპოზიციის გვერდით დგას. ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ვენესუელის ეროვნული ასამბლეა, რომელსაც ქვეყნის ოპოზიცია უდგას სათავეში, ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული უკანასკნელი ორგანოა.

 

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ვენესუელის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას ნიკოლას მადუროს უზურპატორად გამოცხადებასა და ქვეყანაში გარდამავალი მთავრობის შექმნის იდეასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაიკ პენსმა სპეციალური ვიდეომიმართვის დროს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მიმართვის დროს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვაშინგტონი ნიკოლას მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად არ აღიარებს. მაიკ პენსმა მთავარ ვენესუელელ ოპოზიციონერ ხუან გუიდოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

 

ნიკოლას მადუროს მეორე ვადით პრეზიდენტობის ინაუგურაცია კარაკასში 10 იანვარს გაიმართა. თუმცა საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი 2018 წელს გამართულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად არ აღიარებს.

 

23 იანვარს ვენესუელაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ დემონსტრაციები არის დაგეგმილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner