„2019 წელს პარლამენტს გვექნება მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩასატარებელი, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც მივიღეთ ეუთო-სგან და რომლებიც გუშინ ევროსაბჭოში გაჟღერდა, ვთარგმნოთ საკანონმდებლო ცვლილებებში, კანონმდებლობაში და საარჩევნო გარემო მომავალში იყოს ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე, თუნდაც ბოლო არჩევნებში იყო“, – ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციას ხელმძღვანელობს, ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასამბლეის სხდომაზე საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გუშინ გამართულ დებატებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, განსაკუთრებით კრიტიკული შეფასებები არ გაკეთებულა.
„საკმაოდ საინტერესო დებატები გაიმართა. ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულად კრიტიკული განხილვა იყო, პირიქით, ფაქტია, რომ რამდენიმე მიმართულებით გაკეთდა აქცენტი: პირველ რიგში, ყველა ულოცავს საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევას, რაც უპრეცენდენტო ფაქტია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მთლიანად რეგიონში და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება. ასევე, ყველა აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო გამორჩეული – სამწუხაროდ, მას თან სდევდა აგრესიის, ნეგატიური გამოსვლების, შავი კამპანიის ძალიან დიდი ნიაღვარი, რაც თავდაპირველად დაიწყო სწორედ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე აქცენტის გაკეთება გასაკვირი არ არის, რადგან სწორედ მიმდინარე კვირას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სექსიზმის, შევიწროებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, კამპანია წამოიწყო. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, სწორედ ამიტომ მოუწოდა მან ევროპის სახალხო პარტიას (EPP), ყურადღება მიაქციოს, როგორ კამპანიას აწარმოებდა მათი პარტნიორი პარტია საქართველოში.
„სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ ევროპის სახალხო პარტიას, ყურადღება მიაქციონ, როგორ კამპანიას აწარმოებდა მათი პარტნიორი პარტია საქართველოში. აქ საკმაოდ კარგად იციან, როგორ წარიმართა ჩვენი კამპანია და რა ფორმებით იბრძოდა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მისი ოპონენტი. თითქმის არ ყოფილა გამომსვლელი, რომელმაც არ აღნიშნა, რომ ეს არის მიუღებელი, არასწორი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ნაწილი, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეეხება.
„ბუნებრივია, ბევრი რეკომენდაცია მივიღეთ. მინდა დავარწმუნო ყველა, ვისაც აინტერესებს საარჩევნო თემატიკა ქვეყანაში, რომ ამ რეკომენდაციებს ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, მთელი ქვეყანა უნდა მოეკიდოს სერიოზულად, რადგან ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ იდეალური არჩევნები ჩატარდა და პრობლემები არ ყოფილა. იყო ბევრი პრობლემა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე საქმეზე, სადაც შედეგები აუცილებლად უნდა დადგეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2019 წელს პარლამენტს მნიშვნელოვანი სამუშაო ექნება გასაწევი, რათა ეუთო-სა და ევროსაბჭოსგან მიღებული რეკომენდაციები კანონმდებლობაში აისახოს და საარჩევნო გარემო ბევრად უკეთესი იყოს. ერთ-ერთ მთავარ თემად, რომელზეც პარლამენტი იმუშავებს, თამარ ჩუგოშვილმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შეცვლა დაასახელა. მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში რამდენიმე საკითხზეა ყურადღება გამახვილებული.
„საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, არის ასევე უფასო საეთერო დრო, რომელსაც პოლიტიკური პარტიები იყენებენ. სადამკვირვებლო ანგარიშებში მოხვდა ის ფაქტი, რომ ჩვენი ოპონენტი 4 თუ 5 „ვითომ კანდიდატის“ დროს იყენებდა. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კანონის მანიპულაციის გზით, მოახერხა, მიეთვისებინა უფასო დიდი საეთერო დრო და ეს დაფიქსირებულია ანგარიშებში.
ამის გარდა, საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადები პოლიტიკურ პარტიებს შორის ისე ნაწილდება, რომ რეალურად, არ ხმარდება პოლიტიკური კონკურენციის შექმნას ქვეყანაში. ეს ფული იფლანგება. ფაქტია, რომ შედეგად ვერ ვიღებთ პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებას, არადა, ამისთვის ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი დაფინანსება გამოიყოფა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შეცვლის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია, რადგან 2024 წელს პროპორციული სისტემა ამოქმედდება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის სრულ მზადყოფნას ადასტურებს ევროსაბჭო.
„ჩვენ გადავდივართ პროპორციულ მმართველობაზე – 2024 წელს უკვე მხოლოდ პოლიტიკური პარტიები იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში და თუ არ მივიღეთ გამართული პოლიტიკური პარტიები, ამით, შესაძლოა, მძიმე პოლიტიკურ ფაზაში შევიდეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. ევროსაბჭო ჩვენს მიმართ ყველანაირ მხარდაჭერას გამოხატავს და სრულ მზადყოფნას ადასტურებს, რეფორმების განხორციელებაში ჩვენი დახმარებისთვის“,- განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.