სალომბარდე ბიზნესში დაწესებულმა რეგულაციებმა, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა ძალაში, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს გარკვეული კითხვები გაუჩინა.
უნდა იყოს თუ არა პანიკის საფუძველი და დარჩება თუ არა ათობით ადამიანი უმუშევარი, ამ საკითხზე შესაბამისი განმარტება “კვირასთან” საუბრისას, საბანკო სფეროს სპეციალისტმა, ლია ელიავამ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ლომბარდებს დაწესებული რეგულაციების შესრულება შეუძლიათ და მათ ამის ფინანსური საშუალებაც აქვთ.
შესაბამისად, სპეციალისტის განცხადებით, დაწესებული რეგულაციები არ იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ უმუშევრობა მკვეთრად გაიზრდება და ლომბარდები დაიხურება.
“ამ საკითხზე სრულიად ხელოვნურადაა აგორებული პანიკა, ლომბარდები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას. ერთი მომენტია, რომ ლომბარდები გაჭირვებული ხალხის მაშველია და თუ ზოგიერთი მათგანი დაიკეტება ეს რა თქმა უნდა ცუდი ფაქტია, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ხალხისთვის. რაც შეეხება რეგულაციებს, ეს არ არის მკაცრი. ფინანსური მაჩვენებლით, რაც დააწესა ეროვნულმა ბანკმა ვთვლი, რომ ამ მოთხოვნის შესრულება მათ შეუძლიათ და პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს.
თვითონ დაწესებული რეგულაციებიც ნორმალურია, რადგან ფინანსური სფერო მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს. მე იქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ. ამ შემთხვევაში მე სხვა რამ მაწუხებს, თანხების აღრიცხვიანობა, სადაც ჩავარდნაა. ეროვნულ ბანკს ჰქონდა რეგულაცია და სავალუტო ჯიხურებს ავალდებულებდა, რომ გამოეწერათ ქვითარი, საგადასახადომ არ მიხედა ამ საკითხს და არ წერენ… დაახლოებით ასეთი სიტუაციაა ლომბარდებში არამარტო გადასახადებისგან თავის არიდებას აქვს ადგილი, არამედ თანხების მოძრაობის აღრიცხვიანობაც პრობლემაა ჩვენი საფინანსო სექტორისთვის, ამიტომ რეგულაციები მიმაჩნია სავსებით მისაღებად.
მე მაინც ვვარაუდობ, რომ კატასტროფული არაფერი არ მოხდება, ამ სფეროს წარმომადგენლები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას. თუ რამდენიმე მათგანი დაიხურება, ახლები გაიხსნება. ბაზარი გაჯერებულია ლომბარდებით და მომავალშიც ასე იქნება. სავალუტო ჯიხურებზეც თავიდან ასეთივე პრეტენზიები ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელეს მუშაობა. ლომბარდებს აქვთ იმის ფინანსური საშუალება, რომ დააკმაყოფილონ ეროვნული ბანკის რეგულაციები, ასე, რომ მათი უმეტესობა აუცილებლად დარჩება ბაზარზე”,-აღნიშნა ლია ელიავამ.
ცნობისათვის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ცვლილება შევიდა, რომ სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 30 აპრილამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია. სესხის გამცემ სუბიექტს სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ შეუძლია განახორციელოს სესხის გაცემასთან/დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე. სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება.