ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს შექმნან დეზინფორმაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მექანიზმი.
ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც სამშაბათს ბრიუსელში გავრცელდა. „ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, როგორც ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო დონეზე, სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა გადახედონ თუ რა სანქციების შემუშავება შეიძლება დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ , – ნათქვამია წერილში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კომიტეტის დეპუტატები ცალსახად გმობენ რუსეთის, ჩინეთის, ირანის აგრესიულ მოქმედებებს, რომელიც ევროპული დემოკრატიის წინააღმდეგაა მიმართული.
რეზოლუციის პროექტს ავტორები თებერვლის პლენარულ სესიაზე გაიტანენ სტრასბურგში. დოკუმენტს ავტორი პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა. სწორედ მან მოამზადა სკანდალური რეზოლუცია ევროპარლამენტში „რუსული პროპაგანდის წინაღმდეგ ბრძოლაზე“.