ფიგურულ ციგურაობაში 2019 წლის პირველ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრს სერბეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. იუნიორთა კატეგორიაში მოკლე და თავისუფალი პროგრამები 36-მა სპორტსმენმა წარმოადგინა. ურუშაძემ დამაჯერებლად იასპარეზა და ორივე პროგრამაში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. ჯამში ქართველმა მოციგურავემ 146,71 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.
ალინა ურუშაძის წარმატება მნიშვნელოვანი განაცხადია ისეთი ტურნირების წინ, როგორებიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებია. კონტინენტის პირველობა 21-27 იანვარს მინსკში გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატებს კი მარტში ხორვატია და იაპონია უმასპინძლებენ. ამ ტურნირებზე ქართველი მოციგურავეები ვაჟების, გოგონებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში იასპარეზებენ.
ალინა ურუშაძე მონაწილეობას მიიღებს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალშიც, რომელიც 9-16 თებერვალს სარაევოში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ქართველი მოციგურავე საერთაშორისო ასპარეზზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და უკვე არაერთი წარმატება მოიპოვა. 2018 წელი ურუშაძისთვის სადებიუტო იყო.