logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისართან თავშესაფრის მაძიებელთა და ცირკულარული მიგრაციის თემატიკაზე იმსჯელა
- +

23 იანვარი. 2019. 01:38

 

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტისას, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა და განსაკუთრებული აქცენტი უვიზო რეჟიმის თემატიკაზე გააკეთა.

 

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროპასთან უვიზო რეჟიმის სიკეთეების უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც პრაქტიკული განზომილების თვალსაზრისით, ასევე, მისი პოლიტიკური მნიშვნელობის მიმართულებით.

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ პრობლემატიკას, რომელიც  დაკავშირებულია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლობის პრინციპის ბოროტად გამოყენებასთან.

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, ევროპულმა მხარემ დაადასტურა და პოზიტიურად შეაფასა ის ძალისხმევა, რომელსაც ქართული მხარე ახორციელებს საინფორმაციო კამპანიის წარმოების, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ასევე ორმხირივი თანამშრომლობის მიმართულებებით.

 

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით ძალისხმევას და მზადაა, როგორც ბრიუსელთან, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ახალი შესაძლებლობები ეძიოს იმისათვის, რომ ეს პრობლემა, საბოლოო ჯამში, აღმოიფხვრას.

 

მხარეებმა ისაუბრეს ასევე, ცირკულარული მიგრაციის- დროებითი შრომითი მიგრაციის თემატიკაზე.

 

ევროკომისარის  მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ მათ დამატებით იმუშაონ შესაბამის ქვეყნებთან და დამატებით წაახალისონ იმისათვის, რომ საქართველოსთან  მსგავსი  ტიპის შეთანხმებები დაიდოს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner