რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ლარის კურსის ნახტომისებური გამყარება ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი არ არის.
„არ ვარ ჩახედული, რატომ დადგა ამის აუცილებლობა ან რა ფაქტორები განაპირობებენ ეროვნული ვალუტის გამყარებას, თუმცა, როდესაც ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ძირეული გაუმჯობესება არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ლარის მკვეთრი გამყარების საფუძველიც არ არსებობს. ნებისმიერი მიმართულებით ეროვნული ვალუტის მკვეთრი ცვლილება ეკონომიკის განვითარებას არ წაადგება", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
მისივე განცხადებით, ლარის გამყარების ნელი ტენდენცია, ლარისადმი საზოგადოებისა და სამეწარმეო სუბიექტების ნდობას აამაღლებს.
„სჯობს საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ლარის გამყარების ნელი ტენდენცია არსებობს, ეს საზოგადოებისა და სამეწარმეო სუბიექტების ნდობას ლარისადმი აამაღლებს და რეზერვიც ავტომატურად გაიზრდება. თუ ლარი მცირედით, მაგრამ პერმანენტულად გამყარდება, მოქალაქეები, რომლებიც დოლარს შეშინებულები ინახავდნენ, უცხოური ვალუტის გაყიდვას დაიწყებენ. ეს ქვეყანაში დადებით ტრენდს შექმნის. ცუდი არაფერია იმაში, თუ ლარის ნახტომისებური გამყარება ხელოვნურად შეჩერდება, რადგან არ არის გამორიცხული, დოლარმა მატება ისევ დაიწყოს", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.