„უმრავლესობის რომელიმე წევრის გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ არის შეტანილი. მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ საკმაოდ ცხარე დისკუსია იქნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართულ ოცნების“ ოფისში 24 იანვარს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
თალაკვაძის ინფორმაციით, სხდომაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, მთავარი განსახილველი თემა მოსამართლეთა საკითხი იქნება. როგორც დეპუტატი აცხადებს, სხდომაზე დასწრების მიწვევა გაუგზავნეს საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრს, მათ შორის მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის მქონე გედევან ფოფხაძესა და ეკა ბესელიას.
დადგება თუ არა ხუთშაბათს დაანონსებული შეხვედრის დღის წესრიგში ფოფხაძისა და ბესელიას გარიცხვის საკითხი, არჩილ თალაკავაძე ამბობს, რომ პარტიიდან არავის გარიცხვა არ იგეგმება.
„საგაზაფხულო სესიის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განვიხილავთ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა, როდესაც უკვე საგაზაფხულო სესიისთვის ჩვენ გუნდში მთელ რიგ საკითხებზე უნდა შევძლოთ დისკუსიის წარმოება და შეთანხმება. სხდომაზე დასასწრებად ყველა წევრს აქვს მოწვევა, პრაქტიკულად ყველას აქვს დადასტურებული მონაწილეობა, მათ შორის, ქალბატონ ეკასაც და ბატონ გედისაც. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი არგუმენტები გაგვიზიარონ.
როგორც იცით, ქალბატონ ეკას აქვს განსხვავებული პოზიციები ამ პროცესთან დაკავშირებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა უკვე მიიღო ორი თანმიმდევრული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ კანდიდატურების განხილვა მოხდება საგაზაფხულო სესიაზე და ასევე შემუშავდება პროცედურები და კრიტერიუმები. სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა საკმაო დრო ამ შეხვედრაზე“, – განაცხადა დეპუტატმა.
ხუთშაბათს ჩანიშნულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრის შესაძლო ცვლილების საკითხის განხილვას გამორიცხავს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს, დეპუტატი ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეს უწოდებს.
„არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის ოპოზიციის ან მასთან დაკავშირებული მედიის მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია, ვინაიდან სამთავრობო ცვლილებებზე უმრავლესობის სხდომაზე არ გვექნება მსჯელობა. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე როგორც იცით, იმყოფება დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და ვფიქრობ, უსაფუძვლო და არაეთიკურიც კი არის იმაზე საუბარი, რომ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით რაიმე მსჯელობა შედგება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე. სამთავრობო ცვლილებები არ ყოფილა განხილული გუნდში, შესაბამისად ამ ინფორმაციას მე არ ვადასტურებ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის ინფორმაციით, მოსამართლეთა საკითხის გარდა, „ქართული ოცნების” ოფისში 24 იანვარს დაგეგმილი სხდომის ფარგლებში ბიუჯეტის შესრულებაზე, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებაზე, აგრეთვე კომიტეტების მუშაობის ანგარიშებზეც იმსჯელებენ.