თბილისში, გარეგანათებები LED-ის ტიპის გარეგანათებებით ჩანაცვლდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შემუშავდება პროექტი, რის შემდეგაც გამოცხადდება კონკურსი.
„მინდა შევეხო ძალიან საინტერესო პროექტს, ეს არის გარეგანათებების სისტემის ჩანაცვლების, სტანდარტებისა და პროექტის შექმნის საკითხი. თბილისის ქუჩების სტანდარტების მიხედვით განათება არ ხდება და სხვადასხვანაირად არის ისინი განათებული. სხვადასხვანაირად უნდა იყოს განათებული ქუჩები, თუმცა ეს პროექტის მიხედვით არ გაკეთებულა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ქუჩები - ცენტრალური მაგისტრალი, საუბნო ქუჩები, არის სხვადასხვა ზომის ქუჩები და საჭიროა პროექტის ფარგლებში ყველა ქუჩას ჰქონდეს შესაბამისი განათება. საუბარი მაქვს ახალ, თანამედროვე, LED-ის ტიპის განათებებზე, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კომფორტული იქნება ქვეითებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის. შემუშავდება პროექტი, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ LED სანათებით ჩანაცვლებაზე კონკურსს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი კომპანია იქნება დაინტერესებული, მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდეს ეს ცვლილება“, - განაცხადა კალაძემ.