7 იანვარს, 23 წლის მეზღვაური, დათო რაზმაძე, რომელიც თურქულ გემზე სამუშაოდ იმყოფებოდა, ლიბიის საზღვარზე გადავიდა და მას შემდეგ მის შესახებ ოჯახს არაფერი სმენია. დათო უკვალოდ გაუჩინარდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არ იციან რა ქნან. ბიცოლას თქმით, დათოს დედა თურქეთშია გათხოვილი, მამა კი გარდაცვლილი ჰყავს.
.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია. მისი თქმით ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, დავით რაზმაძის ცხედარი ნავსადგურში იპოვეს. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
.
„სამწუხაროდ, დღეს შეგვატყობინეს, რომ ცხედარი ნაპოვნია. პირველადი ინფორმაციით, ის ეკუთვნის ჩვენს მეზღვაურს, დავით რაზმაძეს. მიმდინარეობს ექსპერტიზა, შედეგები ხვალისთვის გვეცოდინება, “- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, თამარ იოსელიანი.
.
როგორც ირკვევა, დათო რაზმაძე იმ მამაკაცის - ზაზა რაზმაძის ვაჟია, რომელიც აგვისტოს ომში, გორში გადაღებული ცნობილი ფოტოს გმირია. ფოტოზე მამაკაცი დაბომბვისას გარდაცვლილ ძმას დასტირის.
.
ფოტო, რომელზეც ძმები ზვიად და ზაზა რაზმაძეები არიან გამოსახული, 2008 წლის ომის ფოტო ქრონიკების ყველაზე ცნობილი კადრია. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს კარალეთში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა - ის საკუთარი კოტეჯის ეზოში, ელექტროგაყვანილობის მონტაჟისას, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
.
ზაზა რაზმაძეს გორის ძველი ბაზრიდან, სადაც დედამისი მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა, რკინის ჯიხური კარალეთის დევნილთა დასახლებაში, საკუთარი კოტეჯის წინ გადაჰქონდა. კოტეჯის სიახლოვეს კი ახალი ბაზარი მდებარეობს. ძველი ბაზრის გაუქმების შემდეგ მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზარში გადავიდნენ. თითოეულ მათგანს თავისი ნივთები ახალ ბაზარში გადაჰქონდა. რაზმაძეებსაც სავაჭრო ჯიხური სპეციალური მანქანით ე.წ. "ამწე”-თი გადაჰქონდათ. ზაზა რაზმაძე "ამწეს” ხელით ეხმარებოდა, რა დროსაც ძაბვა ჯიხურის კონსტრუქციებზე გადავიდა. რაზმაძეები სოფელ ერედვიდან არიან დევნილები და სოციალურად დაუცველები არიან.