„ვიმედოვნებ, საქართველო შეძლებს, ვაშინგტონში NATO-სთან ერთად აღნიშნოს ალიანსის 70-ე წლის იუბილე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს ჩემი პირველი საერთაშორისო ვიზიტია ბრიუსელში და ჩემი ვიზიტი არის კიდევ ერთი დემონსტრაცია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები NATO-სთან. ჩვენი გზა NATO-ში ინტეგრაციისკენ არამხოლოდ ჩემს, არამედ ქართველი ერის არჩევანს ასახავს. სწორედ ამიტომ გავწერეთ კონსტიტუციაში საქართველოს ვალდებულება NATO-სა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით და ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ეს იქნება ჩემი ექვსწლიანი მანდატის პრიორიტეტი და ვიმედოვნებ, რომ ამ მანდატის განმავლობაში მე გავხდები ისეთივე წარმატებული, როგორც ჩემი კოლეგა ბალტიის რეგიონიდან. მადლობელი ვარ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ პირადად თქვენგან და ამ ორგანიზაციისგან მიიღო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს გზა NATO-ში ინტეგრაციისკენ საკმაოდ წარმატებულია, რამაც საქართველოს მოუტანა მეტი უსაფრთხოება და შეიარაღებული ძალების მზაობა.
„როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაც იგეგმება – სანაპირო დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ახალ გარემოში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ იმ დროს, როდესაც ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებულია, როდესაც გვაქვს საოკუპაციო ხაზი, რომელიც არის მუდმივი შეხსენება, რომ ვითარება ძალიან დაძაბულია, მუდმივი ზეწოლა მოსახლეობაზე, რომელიც ცხოვრობს ამ საოკუპაციო ხაზთან ახლოს და დანარჩენი მოსახლეობისთვის, რადგან ეს იმდენად ახლოს ხდება ჩვენი დედაქალაქიდან, რომ რთულია, დაგავიწყდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ დაამტკიცა არამხოლოდ მისი მიზანსწრაფვა, არამედ ისიც, რომ NATO-ს საიმედო პარტნიორია და აქვს შესაბამისი უნარები.
„ჩვენი თავდაცვის ხარჯები ზოგჯერ NATO-ს წევრებზე მეტიც არის და მშპ-ის ორპროცენტიან დადგენილ მოთხოვნას აჭარბებს. ამჟამად 20 პროცენტს ვხარჯავთ სამხედრო აღჭურვილობის მოდერნიზაციაზე, რაც ერთ-ერთი მოთხოვნაა. საქართველო ცდილობს, იყოს NATO-ს თანამედროვე პარტნიორი. ასევე მხედველობაში ვიღებთ ჩვენი სამხედრო პერსონალის მზარდ პროფესიონალიზმსა და თავდადებას, მათ შორის იმ ოპერაციების წყალობით, რომელშიც წვლილი შეგვაქვს. ჩვენ კონტრიბუცია ორი სახით შეგვაქვს, წვლილითა და ფინანსური კონტრიბუციით, თუმცა სანაცვლოდაც საკმაოდ ბევრს ვიღებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოებაში.
„ჩვენ გვჭირდება მეტი უსაფრთხოება, მეტი სტაბილურობა შავ ზღვაში. საკმარისია, გვქონდეს ერთი საზღვარი, სადაც ვითარება დაძაბულია და ზოგჯერ კონფრონტაციებსაც აქვს ადგილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვა იყოს სტაბილური და უსაფრთხო. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს ევროკავშირთან და შავი ზღვის მეორე ნაპირზე მყოფ პარტნიორებთან“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განიხილეს ინტენსიური პროგრამა, რომელიც 2019 წელს განხორციელდება.
„ჩვენ ვგეგმავთ, ჩავატაროთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო-NATO-ს სამხედრო წვრთნა, სამხედრო კომიტეტის სხდომა. შედგება თქვენი ვიზიტი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა NATO გახდეს უფრო თვალსაჩინო საქართველოში, საქართველოს მოსახლეობისთვის და იმ საკითხებისთვის, რომელთაც ჩვენ განვიხილავთ. დიდი მადლობა ასევე ამ კონკრეტული გზავნილებისთვის, რომელსაც ვიღებთ. ვიმედოვნებ, საქართველო შეძლებს, ვაშინგტონში NATO-სთან ერთად აღნიშნოს ალიანსის 70-ე წლის იუბილე. ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ მეტი, ვითანამშრომლოთ მეტი და განვვითარდეთ თქვენთან ერთად იმ გზაზე, რომელიც ჩვენი საბოლოო ინტეგრაციისკენ მიდის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.