„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოწოდების სიმაღლეზეა და ნამდვილად არ გვჭირდება ტყუილი ჭკუის სწავლება ადამიანებისგან, რომლებიც საკითხში საერთოდ ვერ ერკვევიან”, - აცხადებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს იგი პირადად მონაწილეობდა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირა.
„პირადად ვმონაწილეობდი კენჭისყრაში გადაწყვეტილების მიღების დროს და მას მხარი დავუჭირე, ასევე, რეზოლუციას სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ეტაპზე, მხარი დაუჭირა მთლიანად, დელეგაციამ“,- ასე უპასუხა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის წევრებმა ასამბლეის სხდომაზე „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, რეზოლუცია ასამბლეამ გუშინ მიიღო და მასში შევიდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებული ცვლილებები, რომლებიც „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრების მიერ, ერთობლივად არის ინიცირებული.
„ის, რომ საკითხი მოხვდა რეზოლუციაში - „მაგნიტსკის სია“, იყო ჩვენი თანაინიციატივა, ეს იყო ორპარტიული პოზიცია. ამ საკითხს მხარი დავუჭირე და მთლიანად, დელეგაციამ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ეტაპზე დაუჭირა მხარი რეზოლუციას. ეკა ბესელიამ საკითხს მხარი დაუჭირა იურიდიულ კომიტეტზე, მე დავუჭირე მხარი საპარლამენტო ასამბლეაზე”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.