აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ეთნიკურად სომეხს, ყარაბაღის ომის მონაწილე მიხეილ ავაგიანს რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში ძეგლი გაუხსნეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ ავაგიანის ბიუსტი ახალქალაქში ჯერ კიდევ 1994 წლიდან დგას და გაუგებარია, მაინცდამაინც ახლა რატომ გამოეხმაურა ამ ფაქტს საზოგადოების და მედიის ერთი ნაწილი.
იური უნანიანი ამბობს, რომ ბიუსტი ახალქალაქის მოსახლეობამ 25 წლის წინათ დადგა და ახლა მათ საკუთარი ხარჯებით მხოლოდ ჯებირი გააკეთეს.
ახალქალაქის მერი, ასევე, უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს მიხეილ ავაგიანს თავის დროზე კავშირი ჰქონდა ბაგრამიანის ბატალიონთან, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დროს ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა.
„ეს არის სრული დეზინფორმაცია. არანაირი კავშირი მას ბაგრამიანის ბატალიონთან და ქართველების წინააღმდეგ ბრძოლასთან არ ჰქონია. მიხეილ ავაგიანმა სკოლა აქ დაამთავრა, რის შემდეგაც წავიდა სომხეთში და იქ ცხოვრობდა. 1994 წელს გარდაიცვალა და მისმა თანასოფლელებმა დადგეს ეს ბიუსტი. 25 წელია, ეს ბიუსტი დგას და მიკვირს, ახლა რატომ გაახსენდათ. სიმართლე გითხრათ, მეც კი არ ვიცოდი, ვისი ბიუსტი იყო. თავისმა თანასოფლელებმა მიუძღვნეს მის ხსოვნას“, - განაცხადა ახალქალაქის მერმა.