პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა ლაკაძემ, „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მოუწოდებს ოპონენტებს, თავი შეიკაონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები საარჩევნო გარემოს ძაბავს.
„ჩვენ, „ქართული ოცნება" ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში.
საქართველომ და ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი გამოცდა ჩააბარა დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაში. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ისეთივე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს საერთაშორისო საზოგადოებაში, როგორც 2012 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარებული ყველა არჩევნები",- განაცხადა კახა კალაძემ.