ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ეს ორი დღეა ფეისბუკს არ გავკარებივარ. უმძიმეს დღეში ვარ, ჩემი ყოფილი სტუდენტის, დღემდე ერთ-ერთი გამორჩეული უმცროსი მეგობრის და შვილივით საყვარელი და ნაღდი კოლეგის მოულოდნელი დაკარგვის გამო.
მაგრამ დღეა ისეთი, აუცილებლად რომ უნდა მივულოცო საიუბილეო თარიღი კაცს, რომლის დამსახურება ჩვენი ყველაზე დიდი ეროვნული სიმდიდრის - მშობლიური ენის სიწმინდისა და გადარჩენისთვის ბრძოლაში არის განსაკუთრებით გამორჩეული, ვიტყოდი, თავგანწირვამდე გამორჩეული...
ამ ასპარეზზე მისი საჯარო გამოჩენა ერთ კურიოზულ შემთხვევასთან არის დაკავშირებული (ამაზე სხვა დროს), ახლა კი თავმდაბლობას დავივიწყებ, ვიტყვი, რომ ლეგენდად ქცეული ეს „შეტევა“ მაშინდელ ტელევიზიასა და რადიოსთან არის დაკავშირებული. თუმცა, ობიექტურობა იმის აღნიშვნასაც მოითხოვს, რომ ჩვენს გარეშეც იღვწოდა დიდი არნოლდ ჩიქობავას და ქალბატონ ქეთევან ლომთათიძის მოწაფე აღმზრდელ-მასწავლებლების, უფროსი თუ თანატოლი კოლეგების მხარდამხარ, მაგრამ... 1979 წელს მის ამ საქმიანობას მიეცა სრულიად საქართველოს მასშტაბი და იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი რაინდი ამ სფეროში.
უახლესი ისტორიიდან ცნობილია, რომ 40 წლის წინ ყველაზე დიდი ბრძოლა მოიგო ქართველმა საზოგადოებამ, რომლის სინონიმი გახლავთ „1978 წლის 14 აპრილი“. პარადოქსად შეიძლება ახალ თაობას მოეჩვენოს, მაგრამ სწორად თუ გამიგებთ, დღევანდელობასთან(!!!) შედარებით მაშინ მშობლიურ ენას არაფერი სჭირდა გადასარჩენი... ვიმეორებ: დღევანდელობასთან(!!!) შედარებით. მაგრამ, იმდენად მტკივნეულად განიცდიდა საზოგადოება სახელმწიფო ენის სტატუსის „გაუბრალოებას“, რომ ლამის რევოლუციური ვითარება შეიქმნა ქვეყანაში...
ეს სულისკვეთება რომ არ ჩამქრალიყო (რომლის „საშიშროება“ იგრძნობოდა), სწორედ ამ მიზნით მოვიფიქრეთ ყოველკვირეული უმწვავესი სატელევიზიო ციკლი „ენა დედაა ერისა“, რომლის დროსაც მანამდე უცნობი „სნაიპერი“ ტყვიას ტყვიაზე დაუნდობლად აჯენდა სამიზნეში...
და იყო ამტყდარი ერთი ალიაქოთი: ოღონდ ტელეეკრანზე არ „მომხდარიყო“ ფულიანი დირექტორების ჩასუქებული „სიფათები“, მათი გვარ-სახელი და მშობლიური ენის „მტრად“ გამოცხადება და... უნდა გენახათ რუსთაველის თუ „პლეხანოვის“ პროსპექტებზე განლაგებულ სავაჭრო-საყოფაცხოვრებო ობიექტებზე თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ფასადებზე როგორ ფაციფუცით იცვლებოდა საფირმო ფირნიშები, რომლებზედაც გამორჩეულად ბატონობდა მანამდე მიჩქმალული ქ ა რ თ უ ლ ი წარწერა-დასახელებები. არავითარი შეღავათი, არავითარი ანგარიშის გაწევა პროტექტორებისა თუ ე.წ. „კრიშების“ თხოვნებზე, არავითარი კომპრომისი, დანდობა... და იყო შ ე დ ე გ ი !!!!! ასპროცენტიანი!
მეორე ეტაპი - რეგიონები. მესამე ეტაპი - პატრონობა აფხაზური, ოსური და, ახლა რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, რუსული ენებისა.
და ამ მართლა მასშტაბური ბრძოლის ავან-ჩავანი გახლდათ არა რომელიმე ცხრათავიანი დევი, არამედ ერთი ნორმალური რიგითი მოქალაქე და ენათმეცნიერი, ჩვეულებრივი რიგითი კანდიდატი ფილოლოგიის მეცნიერებისა, მშვენიერი ფოლკლორული ანსამბლის მომღერალი, რომელთანაც ამ ვითარებამ დამაკავშირა და მაშინ დაწყებული თანამშრომლობა, გადაზრდილი მეგობრობაში, ბარემ კაი 40 წელს ითვლის.
სწორედ მას მინდა მივულოცო დაბადების დღე, ვუთხრა მადლობა და ვუსურვო ის შემართება, რომელსაც წლების სიმრავლემ მისხალიც კი ვერაფერი დააკლო.
დანარჩენი სათქმელი ქვემოთ წაიკითხეთ. გამეორებაა ერთი ადრინდელი პუბლიკაციისა, რომლიდანაც ყველაფერს გაიგებთ და თუ ბოლომდე მოუსმენთ, თქვენც ჩაეწერებით ამ კაცის გულშემატკივართა და მეგობართა რიგში.
თავად განსაჯეთ:
Нугзар Попхадзе поделился видео.
28 окт. 2017 г., 18:59
ვიდრე ძველ პუბლიკაციებს შემოგთავაზებთ, მანამდე ერთ, სულ ნახევარი საათის წინ გამოქვეყნებულ პოსტს გაეცანით, მნიშვნელოვანი ინფორმაციით, პოზიციით, შეფასებითა და განწყობით:
"Giorgi Gogolashvili
37 мин. ·
ქართულ ენას აქვს ასეთი ბედი: 1978 წლის 14 აპრილის შემდეგ გმირობა ბევრმა ისეთმა დაიბრალა, რომ გეკითხათ, რა მოხდაო, ვერ გეტყოდათ...
ახლაც ასეა... ისეთები ალაპარაკდნენ, კანონი რომ არ უნახავთ; არც ის იციან, რა დეპარტამენტზეა საუბარი...ზოგს გამარჯვება მიღწეული ჰგონია... არა, გადაიდგა მხოლოდ პირველი ნაბიჯი - დაინიშნა ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტი ჯერ არ შექმნილა, არც კადრები შერჩეულა... ასე რომ, საქმე წინაა...
„ოცნება“ რა შუაშიაო, დაწერა ერთმა. ვიყოთ ობიექტურები: იდეა ენის კანონის შესახებ სამი ათეული წელია არსებობს. 2003 წელს კანონპროექტი შევიდა პარლამენტში, მაგრამ წინა ხელისუფლებამ დაასამარა... 2013 წელს ი. კიღურაძის დიდი მონდომებით მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნა საავტორო ჯგუფი და ენის კანონის პროექტი პარლამენტში შევიდა; ორი წლის განმავლობაში განიხილებოდა კომიტეტებში, ევროპაში, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებში და სწორედ „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო „კანონო სახელმწიფო ენის შესახებ“! ჩვენს გულისწყრომას ის იწვევდა, რომ დაგვიანდა კანონის აღსრულება... ახლა ეს ნაბიჯიც გადაიდგა... იმედია, პროცესი აღარ შეჩერდება!..
არადა რამდენი პრობლემაა ქართული ენის წინაშე!...“
კომენტარებიც საინტერესოა! ერთ-ერთი გულიანი კომენტარის საპასუხოდ ვაქვეყნებ განმეორებით ამ მასალებს, რამეთუ ისტორიისთვის და საზოგადოებრივი შეფასებისთვის უპრიანია მათი ცოდნა:
SOS!!!! SOS!!!! SOS!!!!
****************************
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი!!!!
„150-მა ჩვენ მიერ არჩეულმა კაცმა, ერთად აღებულმა, ერთი ილია მაინც უნდა „შეადგინოსო“, ბრძანებს ლევან ღვინჯილია.
მდაააა!!!!
ეს განაჩენია! უფრო ზუსტად, სამომავლო განაჩენი!
მძიმე კაცია, თავისი ხასიათით, ბატონი ლევან ღვინჯილია, უმძიმესი...
და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის... ბედნიერება!
დიახ, ბედნიერება, რამეთუ, წარმოუდგენელია მშობლიურ ენას პატრონობდნენ მსუბუქი, შემრიგებლური ხასიათის, პატრიოტული თემებით და საკითხებით „მოთამაშე“, ზერელე ადამიანები!..
ვისაც ჯერ არს, შევუძახებ: თუ იმას ელოდებით, როდის დაიღლება ღვინჯილია, როდის შეურიგდება თქვენს „რამენაღვლეობას“, ცდებით, თანაც, მწარედ!
არ დაიღლება!
არ შეურიგდება!
არ წავა არავითარ კომპრომისზე იმათთან, ვისაც „არ ენაღვლება“ ბედი დედისა ერისა...
და ამაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს ეს მძიმედ მოსასმენი სატელევიზიო გამოსვლა, რაც ნახევარმა მილიონიანმა აუდიტორიამ ნახა და 18 ათასამდე გაიზიარა, რომელიც თავისი „სიმწარით“ არც პირველია და, ალბათ, არც უკანასკნელი, მაგრამ... მანევრირებისთვის კიდევ არის არეალი დატოვებული: უფრო „უარესს“, პირდაპირ თუ ვიტყვით, მორალურ „ჩაქოლვას“ უნდა ელოდნენ ისინი, ვინც „მტრობს“ (აშკარად თუ არა, ზერელედ მაინც, პასიურობით, უსაქმურობით...) მშობლიურ ენას.
ამ „პერსპექტივაში“ ღრმად ვარ დარწმუნებული, რამეთუ კარგად ვიცნობ: 35 წლის წინ საქართველოს ტელევიზიის ეკრანზე პირველად გამოჩნდა ეს კაცი საკუთარი ყოველკვირეული საავტორო გადაცემით და იმ დღიდან საჯაროდ (მანამდე ენათმეცნიერების ინსტიტუტში) ხმალამოწვდილი იბრძვის, დაუღალავად, სამაგალითოდ...
ისიც კარგად ვიცი: სისხლს „გაგიშრობთ“!
და ამ „სისხლის გაშრობაში“ მის გვერდით იქნება ყველა მამულიშვილი. თოვლის გუნდასავით აგორდება მერე ეს მოძრაობა და...
ამიტომ გირჩევთ: გაინძერით!
გულწრფელ მადლობასთან ერთად დღეგრძელობა და წარმატება არ მოაკლდეთ დედაენის კანონის მომზადების და გზის გაკვალვის ტვირთის მატარებლებს: ლევან ღვინჯილიას, დიდ ქალბატონებს მზექალა შანიძეს და გუჩა კვარაცხელიას, გიორგი გოგოლაშვილს, ავთანდილ არაბულს, როინ მეტრეველს, ჯონი ხეცურიანს, ვაჟა შენგელიას, თამაზ გამყრელიძეს... კიდევ ბევრ სხვა პატრიოტ და სახელმწიფო აზროვნების ადამიანს, ამ მეწინავეთა მსგავს „უმძიმეს“ ხალხს, რომელთა „აუტანლობა“, უწინარესად, გამოიხატება შეუპოვრობაში, პრინციპულობაში, სიხისტეში, შეურიგებლობაში, უკომპრომისობაში, რაც დღეს ასე რიგად ჭირდება ქართული ენის სიწმინდისთვის, მისი განვითარებისთვის, მისი გადარჩენისთვის ბრძოლას.
არადა, დამოუკიდებელ(!) საქართველოში ეს ბრძოლა არ უნდა ყოფილიყო საჭირო.
სამწუხაროდ, ასეა ეს!