logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: მე ჩემი არჩევანი გავაკეთე...
- +

25 იანვარი. 2019. 13:38

 

 

 

იცით, რა, წინასწარ ვიცი, რას დამიწერენ ზოგიერთები კომენტარებში, რადგანაც ჯერჯერობით ყველა ვერ მივედით იმ დონეზე, ერთმანეთის აზრს რომ პატივი ვცეთ და თუ ჩვენსას არ ემთხვევა, მოვძებნოთ ის მომენტები, რაშიც ცოტა მაინც ვპარალელურობთ და არა ის, რომელშიც მთლად აცდენილები ვართ, უიმედოდ... ან უბრალოდ, უხმოდ გავიაროთ... ზოგჯერ, ესეც დიდი პატივისცემაა...

 

მე არ ვიქნებოდი დღეს გულწრფელი საკუთარი თავის წინაშე, რომ ეს კაცი არ გამხსენებოდა... და სხვა იუბილარებზე მომეყოლა.

 

მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატ ზელენსკიზე... პორტუგალიელ ფეხბურთელ ეუსებიოზე ან თუნდაც საოცარ ვლადიმერ ვისოცკიზე, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და აუცილებლად მივუძღვნი ცალკე სტატუსს...

 

მე ჩემი არჩევანი გავაკეთე...

 

ბატონი ედუარდ შევარდნაძე დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1928 წლის 25 იანვარს... საოცარ სოფელ მამათში... სავარაუდოდ, ნიჭიერში...

 

სოფელში, რომელშიც თურმე, იბადებიან პრეზიდენტები და დერჟავების საგარეო საქმეთა მინისტრები.

კაცი, რომელმაც თავის ცხოვრებაში ისეთ მწვერვალებს მიაღწია, რომ მის განსასჯელად, ის მწვერვალები უნდა გაითვალისწინო ან წარმოიდგინო მაინც...

 

სხვათაშორის, სწორედ ბატონმა ედუარდმა წარმოსთქვა პირველად ფრაზა  „NATO-ს კარზე მიკაკუნების შესახებ“...

 

კაცი, რომელსაც იმდენმა ადამიანმა, თანაც უახლოესმა უღალატა, თანაც ყველაზე მძიმე წუთებში, თანაც სწორედ ისეთებმა, ვისაც თან გადაყვა თავის დროზე...

 

შვილებს რომ არქმევდნენ მის სახელს და მერე სიმამრების სიყვარულს რომ იბრალებდნენ...

 

მე მათ დღეს გამარჯობასაც არ ვეუბნები... მართლა... და არც ვეტყვი. მართალია, დარდისგან არცერთი ჯერ არ მომკვდარა.

 

მე კი ვთვლი, რომ ადამიანი, ვისაც ღალატი შეუძლია, თუგინდ შენს სასარგებლოდაც, ხვალ, აუცილებლად გიღალატებს შენც...

 

საოცარია, ვინც მართლა პატივს სცემდა და არაფერს არ მოელოდა მისგან, ლამაზი მადლობის გარდა და იმ უდიდესი გამოცდილების და სიამოვნების გარდა, რაც მის გვერდით მუშაობამ მიანიჭა, ბოლომდე მის გვერდით დარჩნენ...

 

ის თვითმფრინავის ცაზე გამოჩენის დროს, არ ვარდებოდა პანიკაში და არ იკუზებოდა... ვინც არ იცის, მისი დაცვის შესანიშნავ ბიჭებს ჰკითხეთ, აფხაზეთში როგორც იქცეოდა...

 

მოსკოვში ჩასვლის დროს, მშვენივრად კადრულობდა ჩვენი საელჩოს ძველებურ აპარტამენტში განთავსებას, სასაცილოდ ჭრიალა, ნაფტალინმოკიდებული ბორდოსფერი სავარძლებით და არ ჩერდებოდა ყველაზე ძვირადღირებულ ოტელ „პრეზიდენტში“... და არც მისთვის საგანგებოდ გამოყოფილ კრემლის აგარაკზე „გორკებში“...

 

ერთხელ საელჩოში შუქი ჩაქრა და ქალბატონ ნანულისთან ერთად, ლიფტშიც კი გაიჭედა...

 

საელჩოში ყოველდღე შემოივლიდა, შემოდიოდა და გვესალმებოდა, ჩვეულებრივად...

 

მე კი, მასთან მუშაობის გამოცდილებით, მოსკოვში საელჩოში გადასვლის პირველივე დღეებში რფ სახელმწიფო სათათბიროში ვეჩხუბე ჟირინოვსკის და მისთანებს... სულ არ შემეშინდა.

 

მერე კიდევ, გამოვიყენე რაღაცები, რაც მისგან ვისწავლე და 2 დღეში, ყველა ჟურნალისტისა და სხვა ქვეყნების დიპლომატებისგან განსხვავებით, ვშოულობდი მხოლოდ დეპუტატებისთვის განკუთვნილ მასალებს.

 

მე ბევრი რამე ვისწავლე ბატონი ედუარდისგან. პირველ რიგში, ის, რაც არც ადრე არ გამომდგომია და აწი მითუმეტეს აღარ გამომადგება - უფროსმა უნდა იცოდეს ლამაზი გამარჯობა, მადლობის გადახდა და მუშაობის დაფასება... მართალია, ამან ზოგიერთ მომავალ უფროსთან ურთიერთობები გამიფუჭა, დაახლოებით მაინც იმავეს ველოდი... მაგრამ არ ვნანობ...

 

ეს მათი პრობლემაა...

 

მეც უამრავჯერ მიღალატეს და სულ მამხნევებდა ის, რომ, თუ ეს ბატონ ედუარდსაც კი გაუბედეს... მე, პირიქით, უნდა მიხაროდეს და მეამაყებოდეს.

 

მე ჩემი თვალით მინახავს, თანაც ახლოდან, როგორ ნერვიულობდა და ემზადებოდა პუტინი ბატონი ედუარდის ოთახში შემოსვლამდე... პატარავდებოდა...

სიმაღლის გამო არა... მიშა ბევრად მაღალი იყო, მაგრამ ...

საქმე სხვა რამეში იყო, რაღაცა შინაგან ძალაში და ხიბლში...

 

რა ვქნა, რაც გინდათ, დამიწერეთ, მე მიყვარს, უდიდეს პატივს ვცემ და მენატრება მისი იუმორი და შეუდარებელი ღიმილი...

 

ისე, ცნობისთვის... არასდროს არ დავუწინაურებივარ მისი პრეზიდენტობის დროს...

ასე რომ, მლიქვნელობას ვერაფრით ვერ დამაბრალებთ...

 

მერე ხომ, მითუმეტეს.

 

ახლა კი ჩემს საყვარელ 25 იანვრიან მოგონებას დავდებ...

 

ამ დღეს სულ ის მახსენდება...

 

ბაბუ და ხშირი მილოცვები...

 

1993 წელი... თბილისი ახალი წლის მოლოდინში...

ლუსტრები ოჯახებში დავიწყებული აქვთ...

ბავშვებს „კასკებით“ ვაბანავებთ, სანთელი რომ არ დაეღვენთოთ...

ყველას კერასინკის სურნელი ასდის...

ზოგი ჩემსავით ახერხებს მასზე ფეხის დაწვას და კოჭლობს...

საწყალმა თემო ფიფიამ რომ დამინახა, ასე მითხრა: „ეჰ... რა ანჟელიკასავით გოგო მოვიდაო და რა ჟოფრეი დე პეირაკივით ვუშვებთო“...

 

25 დეკემბერია... დარეკა ბაბუმ და რატომღაც მივულოცე კათოლიკური შობა...

კი გაუკვირდა, მაგრამ მადლობაო და მეც მომილოცა...

 

მერე 31-ში დილიდანვე მთელი გულით მივულოცე დამდეგი ახალი წელი...

რა ვიცოდი, რომ 12-ის ნახევრამდე „იმელში“ გვაყურყუტებდა და 1-ში დილის 9 საათზე დარეკავდა და გაკვირვებული მკითხავდა : „შენ მანდ რა გინდაო“.

 

ბუნებრივია, ვერ ვუპასუხე, რაც მინდოდა, ანუ: „თქვენ რა გინდათ თვითონ ამ ახალ წელს სამსახურში-თქო“... და მივულოცე... მადლობაო...

 

შემდეგ მივულოცე შობა, ახალი და ძველი სტილით...

მერე, 25 იანვარს დაბადების დღე და უკვე ვეღარ მოითმინა და:

 

„ლელა, თქვენ რაღაცა ხშირად მილოცავთ…

8 მარტი ახლოვდება და არ მიაყოლოთ შეცდომითო“.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner