ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1962 წელს დაბადებული, ტყვარჩელის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ჯაშუშობაშია ბრალდებული.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩხრეკისას მის კუთვნილ დამხმარე ნაგებობაში ნაპოვნია ხელყუმბარა, ვაზნები და სამხედრო-საინჟინრო დანიშნულების ელექტროდეტონატორი.
ე.წ. უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებული „საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით ჯაშუშობდა“.
ამავე ინფორმაციით, საქმე ორი - ჯაშუშობისა და საბრძოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებითაა აღძრული.
სოხუმის სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სოხუმის საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული.