logo_geo
eng_logo
ვენესუელა შიმშილს სიცოცხლის ფასად ებრძვის – პროცესი გლობალურ ჭრილში
- +

25 იანვარი. 2019. 14:24

 

 

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ვენესუელელი ხალხი ქუჩაში გავიდა და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვა. ჯერ კიდევ ოფიციალურად მოქმედი პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს ყუმბარების აფეთქებით და ცრემლსადენი გაზით პასუხობს.

მადურო დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

 

ისტორიულად, რეჟიმების შეცვლა სისხლისღვრის გარეშე იშვიათად ჩაუვლია, ვენესუელაც არ აღმოჩნდა გამონაკლისი. პროტესტზე მადუროს პასუხის მსხვერპლი, ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანი გახდა.

 

ვენესუელა, რომელიც ნავთობის უზარმაზარ მარაგებს ფლობს, სხვადასხვა ქვეყნების ინტერესებისა და გავლენების სფეროებშია გაჭედილი. კარაკასი ცალკეულ ქვეყნებზე კი, მაგალითად რუსეთზე, ფინანსურადაც დამოკიდებული გახდა – კრემლის მიმართ ვენესუელას მნიშვნელოვანი დავალიანება დაუგროვდა. რუსეთის ინტერესები ვენესუელაში ნავთობის, უსაფრთხოების, ასევე იარაღით ვაჭრობის სფეროებში იკვეთება.

 

რუსეთისთვის ვენესუელა ასევე მისი გეოგრაფიული მდებარეობითაც არის მნიშვნელოვანი –ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლოს მდებარეობს.

 

ვენესუელელი ხალხის პროტესტს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის საქართველოც შეუერთდა, რომლის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ვენესუელის ხელისუფლებას მადუროს წინამორბედის, უგო ჩავესის მმართველობის დროს აქვს აღიარებული.

 

კარაკასში ვნებათაღელვა გრძელდება, გარკვეული არაფერია. ქვეყნის არმიამ გუშინ მხარი მადუროს დაუჭირა, ხალხი პოზიციის დათმობას არ აპირებს.

 

რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე ზურა ბატიაშვილი ვენესუელაში მსხვერპლის ზრდას არ გამორიცხავს, რადგან, მისივე აზრით, ნიკოლას მადუროს ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის.

 

როგორც ბატიაშვილმა „პირველთან“ საუბარში აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობა ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით მაყურებლის როლში ვერ დარჩებოდა და ბუნებრივია, რომ დემოკრატიულ ძალებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

მისი შეფასებით, „ვენესუელას შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ქვეყანას რადიკალები მართავენ“. ამიტომ, ბატიაშვილის თქმით, ხალხს დასაკარგი არაფერი აქვს, „არასწორი წყობის გამო ხალხი შიმშილობს, 3 მილიონი ადამიანი შიმშილს და პოლიტიკურ რეპრესიებს უცხოეთში გაექცა“.

 

„ამ შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობა მაყურებლის როლში ვერ დარჩებოდა და მოხდა დემოკრატიული ძალების მხარდაჭერა, რასაც საქართველოც შეუერთდა და ეს მისასალმებელი ფაქტია. ჩვენს მეზობლებს თავიანთი ინტერესები გააჩნიათ, ჩვენ კი ჩვენი ინტერესები გვამოძრავებს. ვენესუელას მთავრობას აღიარებული აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ვენესუელაში ხელისუფლების ცვლა, რათა ეს აღიარება უკან წაიღონ. ბუნებრივია, რუსეთი მადუროს დაუჭერს მხარს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, იქ, ადგილზე, ხალხი წყვეტს ყველაფერს და არა მოსკოვი. ამ სიტუაციაში გამორიცხული არ არის, რომ უფრო მეტი მსხვერპლი ვიხილოთ, რადგან მადუროს ხელისუფლება არ აპირებს რამე დაუთმოს ხალხს. ხალხს კი დასაკარგი არაფერი აქვს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

 

იქნება თუ არა ვენესუელის პარლამენტის სპიკერი ხუან გუაიდო, რომელმაც თავი პრეზიდენტად გამოაცხადა, ის ლიდერი, რომელიც ქვეყანას შიმშილისგან იხსნის, უახლოეს დროში გამოჩნდება, თუმცა, როგორც ჩანს, ხალხს ამისთვის დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner