საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევას აფასებს.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, უახლეს კვლევაში დასახელებულია მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები.
„კვლევაში პირდაპირ არის დასახელებული ის რეფორმები, რომლებიც მთავრობამ გაატარა, ის საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც პარლამენტმა გაატარა, ამიტომ ვფიქრობ, ეს არის დამსახურებული შეფასება. რაც მთავარია, ეს არის ინდექსი, რომლითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორები და ბიზნესმენები ინტერესდებიან და ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციების უკეთ წარმოჩენას მსოფლიოში“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით რეგიონში პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და ამ შედეგით ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი, 75.9 ქულით - მე-16 პოზიციაზე, „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით.