logo_geo
eng_logo
მთავრობის სხდომა და დამტკიცებული პროექტები
- +

25 თებერვალი. 2016. 12:42


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა.


მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ", რომლის თანახმად, 21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება განხორციელდება. საუბარია ზესტაფონის, გურჯაანის, ზუგდიდის, ახმეტის, კასპის, გარდაბნის, წყალტუბოს, დუშეთის, ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ტყიბულის, მცხეთის, ბაღდათის, ლაგოდეხის, ხარაგაულის, ჩხოროწყუს, ვანის, თეთრიწყაროსა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში. გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება ამ მუნიციპალიტეტებში შემავალი 60-ზე მეტ სოფელში, მათ შორის, ცაიშში, დუისში, გელათში, მოწამეთაში, ომალოში, აბასთუმანში. ჯამში გაზიფიცირდება 8 ათასამდე აბონენტი და აღნიშნული სამუშაოებისთვის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენერგეტიკის სამინისტროს 20 მილიონი ლარი გამოეყოფა.


მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე დაამტკიცა სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 3 საწარმოსთვის ქონების გადაცემა.


სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ მენჯში, თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება, რომლისთვისაც დაახლოებით 200 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო საწარმოს წლიური მინიმალური წარმადობა 200 ტონა იქნება; ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც ყოველწლიურად მინიმუმ 20 ტონა ჩაის აწარმოებს; ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 39 000 ლარია; გარდაბნის რაიონში, სოფელ კუმისში, შეიქმნება რძის პროდუქტების საწარმო, რისთვისაც 100 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.


მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა განკარგულების პროექტს „ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისთვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე", რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა ბახმაროს კურორტის განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ბახმარო ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტია, რომლის განვითარებაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. კურორტს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები როგორც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, ისე სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარების კუთხით. საქართველოს მთავრობა აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად, უმოკლეს ვადებში ბახმარო იქცეს ერთ-ერთ მაღალგანვითარებულ კურორტად - მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საუკეთესო გზებით, განაშენიანებისა და გარემოსდაცვითი უზრუნველყოფით, სადაც ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ ინვესტიციები და შექმნან საუკეთესო გარემო სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების განვითარებისთვის.


გაუმჯობესდება ბახმაროს საკურორტო ზონისკენ მისასვლელი საავტომობილო გზების მდგომარეობა და განისაზღვრება მშენებლობის საჭიროება; ჩატარდება კვლევა ბახმაროს საკურორტო ზონაში და მისკენ მისასვლელ გზებზე მეწყრული პროსცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზების, ზვავსაშიშროებისა და ქარის ნაკადების შესახებ; შეიქმნება წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა; დამუშავდება და განხორციელდება საკურორტო ზონის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების პროექტები. ასევე, შემუშავდება ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარების გეგმა-კონცეფცია.


მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესში", რომლის თანახმად, ამ წესის თანახმად, სოციალური დახმარების მიღების უფლება (სხვა კატეგორიებთან ერთად) მოპოვებული აქვთ იმ პირებს, რომელთაც დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება „ჟინვალის სამშენებლო სამმართველოში", სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუმცა, კომისიას მომართეს მოქალაქეებმა, რომელთაც ჯანმრთლობისათვის მიყენებული ზიანის თაობაზე ვერ მოიპოვეს სასამართლო გადაწყვეტილება და უარი ეთქვათ დახმარების დანიშვნაზე. სანაცვლოდ, მათ აქვთ სხვა დოკუმენტაცია, (საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანება, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებულია მიზეზობრივი კავშირი - პროფესიული დაავადება ან შრომითი დასახიჩრება და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უბედური შემთხვევის აქტი, სადაც მითითებულია დამსაქმებლის ბრალეულობა და სხვა).  „ჟინვალის სამშენებლო სამმართველოში" დაზარალებულთა მიმართ ერთიანი მიდგომის უზრუნველსაყოფად, მომზადდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც ზემოხსენებული პირები ისარგებლებენ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების მიღების უფლებით.


მთავრობა ასევე დაეთანხმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიერ წარდგენილ განკარგულების პროექტს, რომელიც სოფელ როშკაში კულტურულ-ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ცენტრში განთავსდება სავაჭრო-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, აფთიაქი, ფოსტა, ბიბლიოთეკა და ა.შ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner