საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს პირადად მიუსამძიმრებს.
პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის შეიარაღებული პირების მხრიდან უდანაშაულო ადამიანის ცივსისხლიანი მკვლელობა.
„დიახ, რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ ჩავიდე და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს არის ამაზრზენი შემთხვევა, ცივსისხლიანი მკვლელობა უდანაშაულო ადამიანის შეიარაღებული პირების მხრიდან. სახელმწიფოს ამ ინციდენტზე ექნება პასუხი.
ჩვენ ველოდებით ჯერჯერობით თუ რა რეაგირებას მოახდენს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება. ვნახოთ, დაველოდებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო თანამეგრობრობის მონაწილეობით, მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე დაისაჯოს. არავის არ უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ვინც არ უნდა იყოს ეს და ამას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.