სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერის, ე.წ. ძველი მავთულხლართის ახლით ჩანაცვლება მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„მიმდინარე წლის 21 იანვარს, ძუკაანთკარში მოხდა უკანონოდ გავლებული ბარიერის, ე.წ. ძველი მავთულხლართის ახლით ჩანაცვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
რაც შეეხება ადგილობრივი მკვიდრის ბაღის საკითხს, მიმდინარე წლის 10 იანვარს ადგილობრივმა მკვიდრმა მისი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები შენიშნა. სახელმწიფოს მხრიდან მოხდა რეაგირება, მათ შორის ცხელის ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. ბორდერიზაციას აღნიშნულ მონაკვეთზე ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნული ინციდენტები განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის უახლოეს შეხვედრაზე“, - აცხადებენ სუს-ში.