საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27(14) იანვარს ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. დედა ღვთისამ მოისურვა მოციქულებრივ ქადაგებაში მონაწილეობის მიღება და მას ივერია ხვდა წილად. სულიწმიდის გარდამოსვლისთანავე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოში გასამგზავრებლად გაემზადა, მაგრამ უფალმა მისი იერუსალიმში დარჩენა ისურვა და აღუთქვა, რომ არ უარყოფდა მის წილხვედრ ქვეყანას.
ღვთის განგებით ჩვენს ქვეყანაში საქადაგებლად მოციქული ანდრია პირველწოდებული მოივლინა, რომელმაც სვიმონ კანანელსა და მატათასთან ერთად საქართველოში პირველი სამოციქულო ეკლესია დააფუძნა. მოციქულებმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ბევრი მოაქციეს, მაგრამ მეფე და ქვეყნის უმეტესი ნაწილი კერპთმსახურების სიბნელეში დარჩა.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთასწორის - წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა - ზაბულონი, კეთილმორწმუნე და დიდგვაროვანი კაცი, იმპერატორ მაქსიმიანესთან მსახურებისთვის კაბადოკიიდან რომში წავიდა. ახოვანი და ბრძოლებში განთქმული ზაბულონი იმპერატორმა მალე მხედართმთავრად დაადგინა. ამ დროს მაქსიმიანეს ფრანგები განუდგნენ; ზაბულონმა ღვთის შეწევნით დაამარცხა ისინი და მათი მთავარი და წარჩინებულნი იმპერატორთან შეპყრობილნი მიიყვანა. მაქსიმიანემ უხვად დაასაჩუქრა ზაბულონი, ხოლო განდგომილთ სიკვდილი მიუსაჯა. ტყვეები ტირილით შეევედრნენ ზაბულონს: შეგვიყვანე შენი ღმერთის ტაძარში, მოგვნათლე მისი სახელით, ვისაც შენ ემსახურები და ჩვენს სიკვდილში ბრალი არ გექნებაო.
მან რომის პაპს აუწყა ტყვეთა სურვილი, რომელმაც მონათლა ისინი და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა.
მეორე დღეს სიკვდილმისჯილთ სამკვდრო სამოსელი შეიმოსეს და წმიდა ნათლისღებით აღბეჭდილნი უშიშრად მოელოდნენ სიკვდილს. ზაბულონმა შეხედა მათ ცხვრებივით მოდრეკილ თავებს, ატირდა და მაქსიმიანესგან მათი სიცოცხლე გამოითხოვა. განთავისუფლებული ფრანგები შეევედრნენ, რომ გაჰყოლოდა და მათი ერი ქრისტიანობის ნათელს ეზიარებინა. ზაბულონმა პატრიარქისაგან მღვდლები ითხოვა და თან გაჰყვა. ათი დღის განმავლობაში მდინარეში ინათლებოდა ხალხი; შემდეგ კარვები აღმართეს, უსისხლო მსხვრპლი შეწირეს და ყველანი წმიდა საიდუმლოს აზიარეს.
სამშობლოში დიდძალი ძღვენით დაბრუნებულმა ზაბულონმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო, მოელოცა წმიდა ადგილები და თავისი სიმდიდრე იქაური გლახაკებისთვის დაერიგებინა. იერუსალიმში იგი პატრიარქ იუბენალს დაუახლოვდა. ბავშვობაში დაობლებულმა იუბენალმა და მისმა დამ - სოსანამ გაყიდეს მშობლების ქონება, დატოვეს თავისი სამშობლო - კაბადოკია და იერუსალიმში მაცხოვრის საფლავს ემსახურებოდნენ. კეთილად ქცევისა და წესიერებისთვის პატივითი-პატივად აღყვანილი იუბენალი პატრიარქობამდე მიიწია, ხოლო სოსანა - მაცხოვრის საფლავის მომვლელ წარჩინებულ ქალს - სარა ბეთლემელს მორჩილებდა. სწორედ მისი რჩევით მიათხოვა პატრიარქმა სოსანა ვაჟკაცობით, სიბრძნითა და ღვთისმოშიშებით განთქმულ ზაბულონს და ახალშეუღლებულნი კაბადოკიაში გააგზავნა. ამათგან იშვა წმიდა ნინო - „ხეთა კეთილთაგან ნაყოფი კეთილი".
თორმეტი წელი რომ შეუსრულდა წმიდა ნინოს, მისმა მშობლებმა გაყიდეს მთელი ქონება, თავის ასულთან ერთად იერუსალიმში წავიდნენ და მონაგები იქაურ გლახაკებს გაუნაწილეს. საღმრთო შურით აღძრული ზაბულონი ცრემლებით გამოეთხოვა შვილს და მოუწოდა, სამარადისოდ დაენერგა გულში ღვთის შიში და სიყვარული და მენელსაცხებლე დედებისა და ლაზარეს დებისთვის მიებაძა. უკანასკნელად ეამბორა მას და ამა სოფელს განშორებული იორდანის მიღმა უდაბნოში განმარტოვდა. პატრიარქმა სოსანა, მისივე სურვილისამებრ, უძლური დედების მომვლელად განაწესა, ხოლო წმიდა ნინო სარა ბეთლემელს მისცა აღსაზრდელად. ხედავდა რა წმიდა ნინოს დიდ სულიერ ძალას, იგი ასე უწინასწარმეტყველებს მას: „ვხედავ შვილო, შენში დამკვიდრებულ ძუ ლომის ძალას, რომელიც ყველა ოთხფეხზე ბატონობს. დედალი ორბი მამალზე უფრო მაღლა ადის ჰაერში; იქიდან მთელ ხმელეთს მცირე მარგალიტივით თვალის გუგაში მოიქცევს და შენიშნავს რა თავის საკბილოს, დაეშვება და ზედ დააცხრება. ამგვარივე იქნება შენი ცხოვრება სულიწმიდის წინამძღვრობით".
ამ ღვთისმოშიშმა ქალმა ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი სჯული და წმიდა ნინო ყველაფერში კეთილად განსწავლა. წმიდანმა მისგან ისიც შეიტყო, რომ მაცხოვრის კვართი წარმართთა სამეუფო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული.
ერთხელ, როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. მას ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე". შეძრწუნებულმა წმიდანმა მიუგო: „დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკ? იშნად და წინამძღვრად?" მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: „ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ".
ჩვენების შემდგომ წმიდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა და შეძრწუნებულმა ადიდა უფალი და ღვთისმშობელი. მან პატრიარქს მოუთხრო ყოველივე ეს და ამ სასწაულის ნიშანი - ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ჯვარი აჩვენა.
მალე ეფესოდან ერთი წარჩინებული ქალი მივიდა მაცხოვრის საფლავის მოსალოცად. როდესაც სახლში დაბრუნება დააპირა, წმიდა ნინომ პატრიარქს სთხოვა, მისთვის გაეყოლებინა იქ, სადაც უფალმა მოუწოდა. პატრიარქმა აღსავლის კართან დააყენა დისშვილი, აკურთხა და უფალს შეავედრა.
ეფესოში ჩასული წმიდა ნინო ერთ წარჩინებულ ქალს - რიფსიმეს შეხვდა, რომელიც მისი სწავლების შემდგომ თავის გამზრდელ გაიანესა და სახლეულთან - ორმოცდაათ ქალწულთან ერთად მოინათლა. წმიდანი ორი წელიწადი ცხოვრობდა მათთან.
ამ დროს ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლიტიანემ მშვენიერი რიფსიმეს ცოლად შერთვა მოინდომა, რისთვისაც რიფსიმემ, მისმა სახლეულმა და გაიანემ საბერძნეთი დატოვეს. მათთან ერთად წამოვიდა წმიდა ნინოც. ლტოლვილებმა სომხეთამდე მიაღწიეს და თავი სამეფო ბაღს შეაფარეს. დიოკლიტიანეს ბრძანებით ისინი სომხეთის მეფემ თრდატმა მოძებნა და სასტიკად აწამა.
ღვთის განგებით დაფარული წმიდა ნინო ხედავდა ანგელოზებს, რომელთაც დიდებით აჰყავდათ ზეცაში წმიდა მოწამეთა სულები. დავარდა მიწაზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დამტოვებ ასპიტთა და იქედნეთა შორის". ამის პასუხად ზეციურმა ხმამ მოუწოდა, აღმოსავლეთით წასულიყო და ის საქმე აღესრულებინა, რისთვისაც უფალმა დაიფარა.
ზაფხულის დამდეგს წმიდა ნინო ჯავახეთის მთებით შემოვიდა საქართველოში. ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა: „ეს წერილი წარმართთა მეფეს მიართვი, რადგანაც აქ ამისთვის მოივლინე". წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი:
„1. სადაც ეს სახარება იქადაგება, იქ ითქვას ამ დედაკაცის შესახებ (მათე 26,13).
ჩვენების შემდეგ წმიდა ნინომ დიდხანს ილოცა. მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს და შემწეობა სთხოვა.
მრავალი ჭირითა და იწროებით, ძნელი და ფიცხელი გზებით მიიწია ქართლის სანახებამდე და ქალაქ ურბნისში შეჩერდა. აქ უცხო ღმერთთა მსახური ხალხი იხილა, რომელნიც ცეცხლს, ქვასა და ხეს სცემდნენ თაყვანს. რადგანაც ებრაული ენა კარგად იცოდა, ებრაელთა სინაგოგაში მივიდა საცხოვრებლად და ქართველთა ზნე-ჩვეულებას აკვირდებოდა.
ერთი თვის შემდეგ ურბნისიდან ურიცხვი ხალხი წავიდა მცხეთას სავაჭროდ და არმაზის კერპის თაყვანისსაცემად. მათ წმიდა ნინოც თან გაჰყვა. მცხეთაში მისული უყურებდა კერპთმსახურების საცდურით დაბნელებულ ხალხს და ტიროდა მათი ცდომილებისა და წარწყმედისათვის.
მეორე დღეს დასცეს საყვირს და ყოველი კუთხიდან შეკრებილმა ხალხმა ფერადი სამოსლითა და ყვავილებით შეამკო მოედანი, სადაც მეფე-დედოფალს უნდა გაევლოთ. მალე მთები ხალხით აივსო. წმიდა ნინო მათ შეუერთდა და მთაზე ასულმა იხილა არმაზის კერპი, რომელსაც ტანთ ოქროს ჯაჭვი ემოსა, თავზე ოქროს ჩაფხუტი ედგა, თვალად ზურმუხტი და ბივრილი ჰქონდა და ხელთ ბრწყინვალე მახვილი ეპყრა, რომელიც ელვასავით ტრიალებდა, თუ ვინმე შეეხებოდა, თავს სასიკვდილოდ გაწირავდა, ამიტომ შიშითა და ძრწოლით მიეახლებოდა მას მეფე და ერი. მარჯვნივ მას ოქროს კაცი ედგა - გაცი, ხოლო მარცხნივ - ვერცხლისა, - გაიმი. ეს კერპები ღმერთებად მიაჩნდათ ქართველებს.
იხილა რა მტრისგან დაბნელებული ერი, რომელიც ცოცხლივ შთაენთქა ჯოჯოხეთს, წმიდანი ატირდა, მცირედ მოშორდა იმ ადგილს და უფალს შეევედრა, გამოევლინა თავისი ძლიერება, რათა ხალხს ჭეშმარიტი ღმერთი ეცნო.
ლოცვის დასრულებისთანავე ჭექა-ქუხილი ატყდა და საშინელი ქარი ამოვარდა. შეშინებული ხალხი სწრაფად განეშორა იქაურობას. უეცრად მოიწია რისხვის ღრუბელი, საკერპოს ლოდებივით ეკვეთა სეტყვა და სრულიად დალეწა და შემუსრა; სასტიკმა ქარმა დაარღვია საკერპოს ზღუდეები და კლდის ნაპრალებში ჩააბნია. კლდის მცირე საფარველქვეშ მდგომარე წმიდა ნინო ღმერთს ქებასა და მადლობას სწირავდა.
როდესაც დამშვიდდა იქაურობა და ჰაერი გაიწმინდა, წმიდანმა ძველ ნაციხართან მდგარ აკაკის ხეზე ჯვარი გამოსახა და ღმერთს შეცდომილი ერის ხსნას ევედრებოდა.
მეორე დღეს ძრწოლამ შეიპყრო მეფე და ერი, თავისი ღმერთების კვალსაც რომ ვერ მიაგნეს. გაკვირვებით უყურებდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ: ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი მტერია ღვთისა ჩვენისა არმაზისა; როგორც სოფლისმპყრობელთა ჩვეულებაა, ერთმანეთს ებრძვიან და ეს ყველაფერი მის მიერ მოიწიაო.
დედოფლის სეფექალმა შროშანამ ხესთან წმიდა ნინო დაინახა, მასთან ბერძნულად მეტყველი ქალი მიიყვანა და ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი გამოჰკითხა. წმიდანმა ყველაფერი მოუთხრო, ოღონდ დაფარა, რომ განთქმული ოჯახის შვილი იყო და თავის თავს "ტყვე" უწოდა. შროშანას შეეცოდა უცხოობაში მყოფი ქალი და სასახლეში გაყოლა შესთავაზა. სამი დღის შემდეგ მცხეთაში ჩასული წმ. ნინო სამეფო ბაღში შევიდა. ბაღის მცველის მეუღლემ ანასტომ თბილად მიიღო, ფეხები დაბანა, ზეთი სცხო და დააპურა. ამ კეთილმა ოჯახმა ცხრა თვე შეიფარა წმიდა ნინო. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდათ, რასაც ძალიან წუხდნენ. ერთ ღამეს წმიდანმა ნათლითმოსილი კაცი იხილა, რომელმაც ბაღში მიუთითა ადგილი, საიდანაც მიწა უნდა აეღო და მათთვის შესაჭმელად მიეცა (ამ ადგილას იდგა მშვენიერი კვიპაროსი, რომელიც საოცარ სურნელებას გამოსცემდა). წმიდა ნინოს ლოცვით მათ შვილები ეყოლათ და ამ სასწაულით ქრისტე ირწმუნეს.
წმიდა ნინომ სამგზის იხილა ჩვენება: თითქოს მოფრინდებოდნენ ფრინველები, შავ ფრთებს მტკვარში განიბანდნენ და მშვენიერ კვიპაროსზე შემოკრებილნი წმიდანს შეჰღაღადებდნენ.
მან ეს ხილვა ებრაელი მღვდლის - აბიათარის ასულ სიდონიას მოუთხრო, რომელიც წმიდანის ფარული მოწაფე იყო. მან კარგად იცოდა მოსეს სჯული და სულიწმიდით აღძრულმა უთხრა: „ტყვეო და ტყვეთა მხსნელო, შენ მიერ ეგულება შემოქმედს სულთა ჩვენთა განათლება და შენ მიერ იცნობს წარმართთა სიმრავლე ჭეშმარიტ ღმერთს".
წმიდა ნინომ განმარტოებით ცხოვრება მოისურვა. სამეფო ბაღის მახლობლად, კარვის მსგავსად გარდართხმულ მაყვლოვანში დასახლდა, იქ აღმართა ვაზის ჯვარი და დღე-დაღამ ევედრებოდა უფალს წარწყმედული ერის მოქცევას.
ექვსი წელიწადი იცხოვრა ფიცხელი მოღვაწეობით: ცრემლითა და მოუკლებელი ლოცვით. მისი საშვებელი მარხვა იყო, სამოსელი - უხეში ქსოვილისა, ხოლო განსასვენებელი სარეცელი - მიწაზე დაგებული ძაძა. იგი ნელ-ნელა თესავდა ქართველებში მაცხოვნებელი სარწმუნოების მარცვლებს და მისი მოწაფეების რიცხვი თანდათან იზრდებოდა.
წმიდა ნინომ მრავალი უძლური მოარჩინა. მისი ლოცვით განიკურნა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა, რომელმაც ამ სასწაულით ირწმუნა ქრისტე. წმიდანის მოძღვრებით განათლებულმა დედოფალმა მირიანს აუწყა თავისი სასწაულებრივი განკურნება და ძალი ღმრთისა, რომელსაც უცხო დედაკაცი ქადაგებდა. გაკვირვებულმა მეფემ აბიათარისგან ძველი და ახალი სჯულის გამოძიება დაიწყო და სურვილი გაუჩნდა ქრისტიანობის მიღებისა.
წმიდა ნინოს მიერ დღითი-დღე აღესრულებოდა სასწაულები და ურიცხვი კურნებანი. მირიანმა სთხოვა მას, განეკურნა ბოროტი სულით გვემული სპარსი მთავარი ხუარა და დაეჭვებით ჰკითხა: „რომელი ღმერთის ძალით კურნავ ხალხს? იქნებ არმაზისა და ზადენის შვილი ხარ და მათ მოგანიჭეს კურნების ძალა. ისინი, თუმცაღა ჰაერმა შემუსრა, კვლავ ცოცხლები არიან. თუ ამ მთავარს განკურნავ, დიდძალ სიმდიდრეს მოგანიჭებ და ამ ქალაქში ყველასგან პატივცემული იქნებიო. წმიდა ნინომ მიუგო: „ცისა და ქვეყნის შემოქმედი მალე გამოაბრწყინვებს შენ შორის ნათელს... შენს ქალაქში დაფარული იესო ქრისტეს სამოსლის ძალით აღესრულება კურნებანი და მისი წმიდა სახელით ეს მთავარიც განიკურნება".
წმიდა ნინომ კვიპაროსთან განკურნა ხუარა, რომელიც მთელი ოჯახით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოიქცა.
ერთხელ მირიანი მუხნარის მხარეს სანადიროდ წავიდა. კაცთა მოდგმის მტერმა ძველი კერპების სიყვარული გაუღვიძა და გადაწყვიტა, მახვილით მოესრა ქრისტიანები. მან მხლებლებს მიმართა: ჩვენ ღირსნი ვართ, რომ ბოროტება მოგვაწიონ ჩვენმა ღმერთებმა, რადგანაც შევწყვიტეთ მათი მსახურება და ჩვენს ქვეყანაში ქადაგების ნება გრძნეულ ქრისტიანებს მივეცით. მე განვიზრახე, რომ შევმუსრო ყველა ქრისტიანი და გულმოდგინედ ვემსახურო ჩემს ღმერთებს. თუ დედოფალი არ უარყოფს ქრისტეს, მასაც არ დავინდობო. მაშინ კაცთმოყვარე უფალმა პავლე მოციქულივით მოინადირა იგი და თხოთის მთაზე ასულს უეცრად თვალთ დაუბნელდა. მირიანმა სიარული ვეღარ შეძლო და შეძრწუნებული ერთ ადგილას შეჩერდა; მოუხმო არმაზს და ზადენს, მაგრამ არაფერი ეშველა. სასოწარკვეთილი მეფე ფიქრობდა: „ცოცხლივ ჯოჯოხეთში ვარ და არ ვიცი მთელი ქვეყანა დაიქცა თუ მხოლოდ ჩემს თავს მოიწია ეს ჭირი". როდესაც სიცოცხლის იმედი გადაუწყდა, უფალმა კეთილად შეცვალა მისი გონება და ხმამაღლა ღაღადყო: „თუ ჩემთვისაა მხოლოდ ეს ჭირი, ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი, რათა ვადიდო შენი წმიდა სახელი". ეს თქვა თუ არა, სიბრმავისგან მყისვე განთავისუფლდა, მეფემ ხელები აღაპყრო და თქვა: „ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი ღმერთთა და უფალი უფლებათა, შენ აღგიარებ და შენ თაყვანისგცემ".
სამეფო სასახლეში დაბრუნებული მირიანი წმიდა ნინოსთან მივიდა და ხმამაღლა აღიარა: „მრწამს ამიერიდან, მოციქულო ღვთისაო, რომ იგია ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც შენ ჰქადაგებ". შემდეგ სთხოვა, გამოესახა ეკლესია, რათა ღვთის სადიდებლად ტაძარი აეგოთ.
მირიანმა ბრძანა, მის ბაღში მდგარი კვიპაროსი მოეჭრათ და ტაძრის სვეტად აღემართათ. ამ კვიპაროსთან წმიდა ნინომ მრავალი სასწაული მოახდინა და უფალმა მისი მოკვეთისას ინება დაფარული საიდუმლოს გაცხადება.
როდესაც წმიდა ნინო მცხეთაში მოვიდა, იმ წელიწადს ებრაელთა მღვდელთმთავრობა აბიათარს ხვდა წილად. მან ანტიოქიაში მცხოვრები ებრაელი მღვდლებისაგან შემდეგი წერილი მიიღო: „ღმერთმა სამად განხეთქა ისრაელის მეფობა. ჩვენი წინასწარმეტყველნი დაცხრნენ. ყველაფერი აღესრულა და მთელ დედამიწაზე განვიბნიეთ. ჩვენი ქვეყანა რომაელებმა დაიპყრეს. ვტიროდით, რადგანაც შემოქმედი ღმერთი განვარისხეთ. შენ ნახე მოსეს წიგნები, სადაც წერია იმ კაცის სიკვდილზე, რომელიც თავის თავს ძე ღვთისას უწოდებდა. ნუთუ უკვე შევცდით იესო ნაზარეველის მოკვლით? - რადგანაც ვხედავთ, რომ როდესაც ჩვენი მამები შესცოდავდნენ და ღმერთს ივიწყებდნენ, უფალი მათ მძიმე ტყვეობით ტანჯავდა, ხოლო როდესაც ღვთისკენ სინანულით მოიქცეოდნენ, ჭირს მსწრაფლ მოაშორებდა. ახლა, როდესაც მათ ხელი შეახეს მწირი დედაკაცის ძეს და მოკლეს იგი, უფალმა წყალობის ხელი აიღო ჩვენგან და დაარღვია ჩვენი სამეფო. თავის წმიდა ტაძარს მოგვაშორა და ჩვენი მოდგმა სრულიად უგულებელსყო. სამასზე მეტი წელი გავიდა მას შემდეგ და ღმერთი აღარ ისმენს ჩვენს ვედრებას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის კაცი ზეცით იყო მოსული.
ამის შემდეგ აბიათარი წმიდა ნინოსგან გამოეძიებდა, ვინ იყო ქრისტე და რისთვის განკაცდა. წმიდანმა ყველაფერი მოუთხრო და განუმარტა ძველი და ახალი სჯულიდან. მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, წმიდანს დაემოწაფა და ქრისტიანობის მხურვალე მქადაგებელი გახდა.
წმიდა ნინო მცხეთაში მოსვლისთანავე ეძებდა მაცხოვრის კვართს. აბიათარმა მას წინაპართაგან გადმოცემული ამბავი მოუთხრო: როდესაც ებრაელები უფალ იესო ქრისტეს წინააღმდეგ აღიძრნენ, თვისტომთ ყოველი მხრიდან მოუწოდეს. მცხეთის მკვიდრ ებრაელებს იერუსალიმიდან მოწერეს: „იმ კაცისაგან, რომელსაც იესო ჰქვია, განქარდა მოსეს სჯული, დაირღვა ჩვენი ყოველი წესი და ლამის მთელი ქვეყანა მას შეუდგეს. მოდით და შეგვეწიეთ, კაცნო ბრძენნო და სჯულისმეცნიერნო და აღვასრულოთ მცნება ღვთისა და მოსესი". ებრაელებმა სამღვდელო ტომის შთამომავალი ელიოზ მღვდელი და ლონგინოზ კარსნელი გააგზავნეს იერუსალიმში.
მოხუცებულმა დედამ წასვლის წინ ამცნო ელიოზს, რომ არ მიეღო მონაწილეობა მართალი კაცის სიკვდილში, რამეთუ იგი წინასწარმეტყველთაგან მოსწავებული მესიაა, ხოლო მისი ღვთისმოშიში და - ქალწული სიდონია შეევედრა ელიოზს, მისთვის იესოს ხელშენახები რაიმე ნივთი ჩამოეტანა.
როდესაც ებრაელებმა მაცხოვრის ჯვარცმა გადაწყვიტეს, ელიოზი და ლონგინოზი არ ეზიარნენ მათ განზრახვას. ისინი ჯვარცმის შორიახლოს იდგნენ.
მცხეთაში დაბრუნებულმა ელიოზმა შეიტყო, რომ იმ დროს, როდესაც გოლგოთაზე მაცხოვრის წმიდა ხელები ჯვარს მიამსჭვალეს, სულიწმიდით აღძრულმა ელიოზის დედამ ხმამაღლა დაიძახა: ამიერიდან მშვიდობით, მეუფებაო ურიათაო, რამეთუ განხორციელებული ღმერთი მოაკვდინეთო - და ამ სიტყვებით მიიცვალა.
მაცხოვრის ჯვარზე ვნების შემდგომ უფლის კვართი მცხეთელებს ხვდათ წილად. იერუსალიმიდან წამოსულმა ელიოზმა თან წამოიღო უფლის კვართი. მცხეთაში მოსულს ქალწული სიდონია მიეგება. ძმას გამოართვა მაცხოვრის კვართი, გულში ჩაიკრა და მყის სული განუტევა.
მცხეთელები შეშფოთდნენ ამ უცხო სასწაულის ხილვით. ელიოზმა შიშით და ძრწოლით კვართიანად დაკრძალა საყვარელი და, რადგანაც ვერ შეძლეს მის ხელთაგან უფლის სამოსლის გამოღება.
სწორედ მაცხოვრის კვართზე იყო ამოსული ის მშვენიერი კვიპაროსი, რომლის მოჭრაც ბრძანა მირიანმა.
მოკვეთილმა ხემ გამოუთქმელი სურნელება გამოსცა. მისგან სვეტი შეამზადეს და როდესაც აღმართვა დააპირეს, ვერაფრით ვერ დაძრეს ადგილიდან, რამეთუ საღმრთო ძალა აჩერებდა მათ. ამასობაში დაღამდა და ამ საოცრებით გაკვირვებული და შეწუხებული მეფე და ხალხი სახლებში წავიდა.
იმ ღამეს წმიდა ნინო თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად სვეტის მახლობლად ლოცულობდა. შუაღამისას კაცთა მოდგმის მტერმა, რომლის მეუფებაც ირღვეოდა ქართლში, დასაბრკოლებლად მათ ამგვარი ჩვენება მოუვლინა: თითქოს ჩამოირღვა არმაზისა და ზადენის მთები, რომელთაც მტკვრისა და არაგვის დინება შეაჩერეს. დაგუბებულმა მტკვარმა ნაპირებიდან გადმოხეთქა და ქალაქი წალეკა. ატყდა გრგვინვა და საშინელი გოდებისა და ვაების ხმები გაისმა. შეშინებულმა დედებმა გაქცევა დააპირეს. წმიდა ნინომ შეაჩერა ბოროტის მზაკვრებით მოტყუებულნი და უთხრა: „ნუ გეშინიათ, დებო, მთები იქვე დგანან და წყალნიც იქვე დიან; მთების ჩამოქცევა ნიშანია იმისა, რომ ურწმუნოების მთები დაირღვევა ქართლში, წყლის შეჩერება - ეშმაკთა მიმართ შეწირულ ყრმათა სისხლის შეწყვეტისა, ვაების ხმები - ეშმაკთა გოდებაა, რომელნიც ჯვრის ძალით აქედან განდევნილნი თავის თავს იგლოვენ. დაბრუნდით და ილოცეთ". მეყვსეულად ჩაცხრა ხმები და ყველაფერი გაქრა. წმიდა ნინო ხელაღპყრობით ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა, არ დაბრკოლებულიყო საქმე სარწმუნოებისა, რასაც წადიერებით შეუდგა მეფე და ერი.
ცოტა ხნის შემდეგ გამძვინვარებულმა ბოროტმა სხვა შემაძრწუნებელი ჩვენება მოუვლინა მათ: თითქოს ძლიერმა ლაშქარმა დალეწა ქალაქის სამივე კარიბჭე და მცხეთა სპარსთა ლაშქრით აივსო. ატყდა საშინელი ხოცვა და სისხლი მდინარესავით მიდიოდა ქუჩებში. გაისმა საშინელი ძახილი: „ამას ბრძანებს სპარსთა მეფე ხუარა და მეფეთ-მეფე ხუარან-ხუარა: - ყოველი ურია განარიდეთ მახვილს". შეშინებულ დედებს შეიარაღებულნი მიუახლოვდნენ. ამ დროს ვიღაცამ ძლიერად დაიძახა: მირიან მეფე შეიპყრესო. წმიდა ნინომ ირგვლივ მიმოიხედა და თქვა: „ვინც ყვირის, ვიცი, ახლა ძალიან უჭირს და ვმადლობ უფალს, რომ ეს მათი წარწყმედის, ქართლის ხსნისა და ამ ადგილის დიდების ნიშანია". ნუგეშისცა დედებს და გაამხნევა. შემდეგ მიუბრუნდა მხედრებად გარდასახულ ეშმაკებს და უთხრა: „სად არიან სპარსთა მეფენი - ხუარა და ხუარან-ხუარა? - საბასტანით გუშინ წამოხვედით? - მალე მოსულხართ. დიდი ლაშქარი ხართ და ძლიერად დალეწეთ ქალაქი, მახვილი დაეცით ქართა და ნიავთ. წადით ჩრდილოეთის წყვდიადში, აჰა, მოვიდა, ვისაც თქვენ გაურბიხართ!" ჯვარი გადასახა იქაურობას, უცბად გაუჩინარდა ყველაფერი და სიმშვიდე ჩამოვარდა.
ცისკრის ჟამს ღამის ჩვენებებით გადაღლილ დედებს ჩაეძინათ. მხოლოდ წმიდა ნინო და სიდონია იყვნენ მღვიძარედ და ლოცულობდნენ. ამ დროს წმიდანთან ნათლითმოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. წმიდა ნინო მიწაზე დავარდა; ჭაბუკმა ხელი მოჰკიდა სვეტს და მაღლა წაიღო. მალე სვეტი ცეცხლივით დაეშვა, ჰაერში ორი კაცის სიმაღლეზე შეჩერდა და ბრწყინვალებასა და საოცარ სურნელს გამოსცემდა.
გამთენიისას სვეტის ვერშეძვრით დაღონებული მეფე ბაღში მიმოდიოდა. დაწყებულ ეკლესიას თვალი შეავლო და იხილა, რომ ნათელი ელვასავით აღიწეოდა ცამდე. მთელი ქალაქი შეიკრიბა ამ სასწაულის სანახავად. მირონმდინარე ნათლის სვეტი ნელ-ნელა ქვემოთ დაეშვა და ხელშეუხებლად თავისსავე ძირს დაემყარა. შიშითა და სიხარულით აღვსილი მეფე და ერი ნინოს ღმერთს ადიდებდა.
სვეტიცხოვლის მიერ ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა. ხალხი თვალს ვერ უსწორებდა მის შემაძრწუნებელ ღვთაებრივ ნათელს. მისი ბრწყინვალება რომ დაეფარა, მეფემ საბურევლი შეუქმნა. სნეულნი საბურველს ეხებოდნენ და განიკურნებოდნენ. სვეტიცხოვლის ტაძარს „წმიდა წმიდათა" ერქვა და შიშით იქ შესვლას ვერავინ ბედავდა.
ეკლესიათა დასრულების შემდეგ, წმიდა ნინოს ბრძანებით, მეფე მირიანმა საბერძნეთში მოციქულები გააგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან და მოძღვარნი და ღვთისმსახურების მასწავლელნი ითხოვა. იმპერატორმა კონსტანტინემ ისინი სიყვარულითა და დიდი პატივით მიიღო და საქართველოში ნიკეის კრების მონაწილე, მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი - ანტიოქიის პატრიარქი ევსტათი მიავლინა.
ქართლი ჯეროვანი პატივით მიეგება პატრიარქს. მან წმიდა ნინოს ელენე დედოფლისგან გამოგზავნილი ძელი ცხოვრების ნაწილი, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები და ქებითა და შესხმით შემკული წერილი გადასცა
მირიანის ბრძანებით სამეფოს მკვიდრნი მცხეთას შემოიკრიბნენ. მოამზადეს სანათლო, სადაც წმიდა ნინომ ჯვარი აღმართა და პატრიარქის ხელით მეფე-დედოფალი, დიდებულნი და უამრავი წარმართი მოინათლა. ამ ადგილს „მთავართა სანათლო" ეწოდა. პატრიარქმა ეკლესიები აკურთხა და საკურთხეველნი დაამყარა. მთავარეპისკოპოსად იოანეს დაასხა ხელი; აკურთხა მღვდელ-დიაკონნი და მეფე და ერი საღმრთო სწავლებით განამშვენა. მან მონათლა, აგრეთვე, ურიათა მღვდელთმოძღვარი აბიათარი, მისი ნათესავნი, ელიოზის სახლ-ტომი და სხვა ორმოცდაათი მოქცეული ებრაელი. ებრაელები აღსდგნენ აბიათარის წინააღმდეგ, დაარღვიეს სინაგოგა და გაიფანტნენ. მონათლულ ებრაელებს მეფემ დაბა ციხედიდი უბოძა.
წმიდა პატრიარქმა ევსტათიმ ქვეყანა მართალ სარწმუნოებაზე დაამტკიცა, განუწესა ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი, საეკლესიო და საღვთისმსახურო წესები ასწავლა, რის შემდგომ დიდი პატივით გააცილეს თავის ქვეყანაში.
ამავე დროს ფრანგმა დიაკონმა წმიდა ნინოს რომის პაპისგან წერილი ჩამოუტანა. პატრიარქი ლოცავდა მეფესა და ერს, წმიდა ნინოს ქებას ასხამდა და მისგან ლოცვას ითხოვდა. დიაკონს თან ჰქონდა წერილი ფრანგი მთავრისა, რომელიც წმიდანის მამას - ზაბულონს მოენათლა. ქართლში ქრისტიანობის ნათლის მიფენა და წმიდა ნინოს სასწაულები მათ ყურამდეც იყო მიწევნილი. დიაკონმა, მთავრის ბრძანებით, თვალით ხილული და მოსმენილი ყველაფერი ჩაიწერა და თავის ქვეყანაში წაიღო.
წმიდა ნინო არაგვის გადაღმა, მცხეთის პირისპირ მდგომარე მთაზე ავიდა და ღამეებს ლოცვაში ათევდა. მისი ლოცვით კლდის ძირას სასწაულებრივი წყარო აღმოცენდა, რომელსაც კურნების ძალა ჰქონდა. ამ კლდის სიახლოვეს უხსოვარი დროიდან ზამთარ-ზაფხულ ფოთოლმსხმოიარე სურნელოვანი ხე იდგა, რომელსაც კაცის ხელი არ შეხებოდა. ეს ხე საკვირველი იყო იმითაც, რომ სასიკვდილოდ დაჭრილი ნადირი მის ფოთოლს ან თესლს თუ შეჭამდა, გადარჩებოდა. როდესაც ეპისკოპოსს ამ ხის ამბავი აუწყეს, მან თქვა: ღმერთმა დასაბამიდანვე თავის სამსახურად განამზადა ეს ქვეყანა. და ეს ხეც ამ ჟამისა-თვის აღმოაცენა. რადგანაც ახლა მოეფინა ღვთის მადლი ქართლს, ჯვარცმული უფლის სადიდებლად ჯვრები მისგან შევქმნათო.
ხარებობას - 25 მარტს ეპისკოპოსისა და მეფისწულის თანხლებით რტოებიანად ჩამოიტანეს მოკვეთილი ხე, რომელიც ტაძრის სამხრეთ ნაწილში - სვეტიცხოველთან დაასვენეს. მის ფოთლებს 37 დღის განმავლობაში ფერიც კი არ შეუცვლია. ამ ხისგან სამი ჯვარი გამოკვეთეს და 7 მაისს მეფეთა ხელისდადებით ეკლესიაში აღმართეს.
რამდენიმე ღამის განმავლობაში მცხეთელებმა საკვირველი სასწაული იხილეს: ზეციდან ჩამოსული ვარსკვლავების გვირგვინით შემკული ცეცხლოვანი ჯვარი განთიადამდე ეკლესიის თავზე ჩერდებოდა; შემდეგ მისგან გამოყოფილ ორ ვარსკვლავთაგან ერთი აღმოსავლეთით მიდიოდა, მეორე - დასავლეთით. თვითონ ჯვარი კი ნელ-ნელა არაგვის გაღმა გადიოდა და წმიდა ნინოს წყაროსთან მცირე ხნით შეჩერებული ზეცად მაღლდებოდა.