ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიოსთან ერთად წირვა აღავლინა.
ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს და სრულიად საქართველოს ნინოობა მიულოცა.
ამასთან, პატრიარქმა ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
მინდა, გავიხსენო ჩემი აფხაზეთში ყოფნის პერიოდი. იქ მოღვაწეობდნენ უდაბნოში სასულიერო პირები. ხშირად ჩამოდიოდნენ ქალაქში და მიყვებოდნენ, თუ როგორ მოღვაწეობდნენ უდაბნოში. ერთ მონაზონს ჰქონდა ასეთი ჩვენება, წმინდა ნინო გამოეცხადა და უთხრა, რომ დღესაც დავდივარ და ვქადაგებ სახარებას საქართველოშიო. ეს დღესაც გრძელდება. ღვთის მადლით, წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს.
მინდა, გავიხსენო ჩემი ოჯახი. ჩვენ სახლში გვქონდა ხატების დიდი კუთხე. იქ აუცილებლად იყო სამი ხატი - საქართველოს დიდება, მამა ღმერთი და წმინდა ნინოს ხატი. მქონდა ასეთი ჩვენება - მყავდა უფროსი ძმა თეიმურაზი, ახალგაზრდა გარდაიცვალა, 28 წლის. ის გამომეცხადა. ვკითხე, ლოცულობდა თუ არა ჩემთვის, რა თქმა უნდა, ვლოცულობო, ეს ხალხი ყველა ლოცულობსო და მიჩვენა საქართველოს დიდების ხატი. დიდება და მადლობა უფალს წყალობისთვის.
წმინდა ნინო არის მფარველი კაბადოკიელი. ჩვენ ყველას გვიკვირს ასეთი ახალგაზრდა ქალიშვილი, როგორ წამოვიდა საქართველოში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ხდება ღვთის ლოცვა-კურთხევით.
ჩემი ძმა, თეიმურაზი როცა გახდა ავად, მე ვიყავი მერვე კლასში. მითხრა, ირაკლი მოდი აქო, მივედი და მითხრა, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთან, წმინდა ნინოაო. შეგვეწიოს წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა“, - განაცხადა ილია მეორემ.
წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ სასულიერო პირები დეკანოზი არჩილ ავანიშვილი, გიორგი უგრეხელიძე, გიორგი სანამაშვილი, ანტონი კიკნაველიძე დააჯილდოვა. პატრიარქმა ვერულაშვილების გვარი დალოცა.