logo_geo
eng_logo
„სასაცილო კაცუნა ხდება!.." - რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა სააკაშვილზე?
- +

27 იანვარი. 2019. 21:31

 

 

აზერბაიჯანული გამოცემა «Зеркало» აქვეყნებს სტატიას სათაურით "მიხეილ სააკაშვილის ტრაგედია".

 

„პოლიტიკოსი, ისევე როგორც არტისტი, უნდა გრძნობდეს იმ მომენტს, როცა იგი სცენიდან უნდა წავიდეს. სამწუხაროდ, ამ აქსიომის გაცნობიერებას ბევრი ვერ ახერხებს ან არ სურთ, მათ შორის ოდესღაც მართლაც წარმატებული პოლიტიკოსებიც. საბოლოო ჯამში, ისინი გუშინდელი კერპებიდან დღევანდელ სასაცილო კაცუნებად იქცევიან ხოლმე და მართლაც იმსახურებენ გაკილვა-კრიტიკას... ასე მოუვიდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს", - ნათქვამია სტატიის დასაწყისში (ავტორი - აკპერ ჰასანოვი).

 

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

 

"დღეს იგი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ ვერ ისვენებს და ძველებურად გამოდის მოწოდებებითა და კომენტარებით საქართველოსა და უკრაინაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს მისი უფლებაა, მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე, "მედალს მეორე მხარეც აქვს". მიხეილ სააკაშვილი ძალიან ხშირად და ხმამაღლა გაიძახოდა, თბილისში და კიევში ტრიუმფალურად დავბრუნდებიო, მაგრამ არაფერი. მისი განცხადებები და დაპირებები ცრუ და წინააღმდეგობრივია. ორ სკამზე ჯდომის მცდელობამ იგი მოსალოდნელ სიტუაციამდე მიიყვანა - კლებულობს პოზიტიური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როგორც სერიოზული პოლიტიკოსისადმი.

 

გარდა იმისა, რომ მას არცერთი დაპირება არ შეუსრულებია, მიშა ბოლო დროს, კიევისა და თბილისისგან მოშორებით, ისევ აქტიური საქმიანობის იმიტაციას ახდენს. ახლახან "ბატკივშჩინის" ყრილობაზე საქართველოს ექს-პრეზიდენტმა (ვიდეოჩართვით) მხარი დაუჭირა იულია ტიმოშენკოს უკრაინის პრეზიდენტად არჩევის საკითხში, როცა მისი კანდიდატურის საკითხი იხილებოდა. "ჩვენ გვახსოვს 2008 წელი. საქართველოს ახსოვს. მე მინდა მადლობა ვუთხრა იულია ვლადიმიროვნას საქართველოსადმი ჰუმანიტარული დახმარების გამო, როცა იგი უკრაინის პრემიერ-მინისტრი იყო. გარდა ამისა, იულია ტიმოშენკო მუდამ ჩემს გვერდით იყო და პირველი ჩამოვიდა ვარშავაში ჩემს სანახავად, როცა უკანონოდ ჩამომართვეს მოქალაქეობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

არადა უკრაინელებს კარგად ახსოვთ, რომ ცოტა ხნის წინათ მიხეილ სააკაშვილი კარგად "ჯირყვნიდა" იულია ტიმოშენკოს და მას ისეთ პოლიტიკოსად მიიჩნევდა, რომელსაც უკრაინის სახელმწფოებრიობის მშენებლობა არ შეუძლია. სააკაშვილმა 2008 წელი გაიხსენა და თქვა - იულია საქართველოს ეხმარებოდაო, მაგრამ უპრიანი იქნება იმდროინდელი სხვა ფაქტების გახსენებაც, როცა თვით უკრაინელი დეპუტატებიც კი საყვედურობდნენ იულია ვლადიმიროვნას, რომ მას საქართველოს მხარდასაჭერად ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, ხოლო მისმა პოლიტიკურმა პარტიამ რუსეთი აგრესორად არ აღიარა.

 

და კიდევ იულია ტიმოშენკოს შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან 2009 წლის ნოემბერში, როცა რუსეთის პრეზიდენტის დამცინავ ნათქვამზე - "ვახშმად ჰალსტუხების ჭამის" შესახებ - უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ირონიულად ჩაიცინა და დაამატა - "მე პირადად ვახშამზე მოსვლა ჰალსტუხის გარეშე შემიძლიაო". ეს და მსგავსი ფაქტები კარგად ასახავს იულია ტიმოშენკოს პოლიტიკურ სახეს.

 

გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილს ახლა ყოფილი მეგობრის - პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართ სიძულვილი ამოძრავებს - საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იგი უკრაინიდან სწორედ პოროშენკოს გადაწყვეტილებით გააძევეს უკანონოდ. უკრაინის გენერალური პროკურატურა კი თვლის, რომ გაძევებას ობიექტური საფუძველი აქვს: მიხეილ სააკაშვილი, ფინანსური დახმარების მიღების მიზნით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვას დაუკავშირდა, კერძოდ, რუსეთში მყოფ ოლიგარქს სერგეი კურჩენკოს - თქვენ ფული მომეცით და მე თქვენს ინტერესებს გავატარებო. გამოქვეყნდა მათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერებიც.

 

მიშას კიევიდან გაძევების დროიდან რამდენიმე წელი გავიდა. ამას წინათ გამოქვეყნდა უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ვრცელი ინტერვიუ (მრავალსაათიანი საუბარი) გამოცემა "გორდონის" დამაარსებელ დიმიტრი გორდონთან. ინტერვიუში იური ლუცენკომ სინანული გამოხატა მიხეილ სააკაშვილის კონტაქტების გამო იმ ადამიანთან [ანუ სერგეი კურჩენკოსთან], "ვინც უკრაინა გაძარცვა და მილიარდობით ფული მიითვისა". იური ლუცენკომ აღიარა: "მას შემდეგ რაც რაც მიხეილ სააკაშვილმა "წითელი ხაზი" გადალახა და მტერთან დაიწყო კონტაქტები, მე უკვე მკაფიოდ გავაცნობიერე - მიუხედავად იმისა, რომ მასთან ვმეგობრობდი, კანონი ყველასათვის ერთია. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დანაშაული ჩაიდინა".

 

და როცა ასეთი ბრალდებები ისმის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიმართ, როცა იმავდროულად მისი "შერჩევითი მახსოვრობის" მოწმენი ვხდებით, როცა იგი დითირამბებს უმღერის იმ იულია ტიმოშენკოს, რომლის პარტიის საპარლამენტო ფრაქციას ხმა არ ამოუღია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და რომელიც ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილზე ხითხითებდა, კიდევ ერთხელ რწმუნდები იმაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსი დროულად წავიდეს სცენიდან. სამწუხაროდ, მიხეილ ნიკოლოზოვიჩი ამას ვერ ხვდება, რაც ოდესღაც მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსის დიდი ტრაგედიაა".

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner